20/11/2024
11:47
ეკონომიკა
2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 204.4 ათასი მგზავრი, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ 597.9 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 45.0 პროცენტით, მგზავრთბრუნვის მოცულობა კი 69.1 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
ამასთან, 2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოს აეროპორტები 2 462.5 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 20.6 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს — აეროპორტებმა მიიღო 1 215.1 ათასი მგზავრი, რაც 21.2 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 1 247.4 ათასი მგზავრი – რაც 20.1 პროცენტით აღემატება გასული წლის იგივე პერიოდს.
საქსტატის ცნობით, 2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 93.7 პროცენტი რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა. საანგარიშო პერიოდში, საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 9.4 ათასი შეადგინა, რაც 15.8 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
რაც შეეხება სარკინიგზო გადაყვანებს, 2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 676.1 ათასი მგზავრი, რაც 8.2 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობამ 327.0 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა, რაც 46.0 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში, ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 658.9 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 97.4 პროცენტს შეადგენს და 8.2 პროცენტით ჩამორჩება 2023 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ამასთან, საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 17.3 ათასი მგზავრი, რაც 11.4 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 79.2 პროცენტი შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 20.8 პროცენტი. უწყების ინფორმაციით, 2024 წლის მესამე კვარტალში სხვა მოსაზღვრე ქვეყნის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა არ განხორციელებულა.
0
0