09/08/2024
13:12
ტურიზმი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 697.8 ათასი გასვლა დაფიქსირდა.
გასვლების უდიდესი ნაწილი, 46.6 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. აღნიშნული რაოდენობიდან, საქსტატის ცნობით, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულმა ვიზიტებმა 562.1 ათასი შეადგინა, რაც 3.4 პროცენტით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 360.2 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 8.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ვიზიტების უმრავლესობა, 49.1 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ. ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 45.5 პროცენტს შეადგენდა.
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი, 34.0 პროცენტი განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით, ხოლო ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 229.0 ათასი და 105.4 ათასი ვიზიტი.
2024 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.3 ღამე შეადგინა, რაც 2023 წლის მეორე კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.0 ღამე) 4.3 პროცენტით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 98.1 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს. ამასთან, საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 594.3 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 15.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2023 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 11.7 პროცენტით გაიზარდა და 1 057.2 ლარი შეადგინა.
0
0