
ევროკავშირმა 2010 წელს სააკაშვილის დიქტატორულ რეჟიმის ელიტას მისცა უვიზო მიმოსვლა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის, შემდეგ ქართველ ხალხს გვალოდინეს 7 წელი. 2017 წელს ხალხისთვის გახდა უვიზო მიმოსვლა შესაძლებელი, მხოლოდ მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა და იმუშავა, რომ ხალხს მიეღო უვიზო მიმოსვლა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ეს არის პოლიტიკური ვენდენტა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რადგან ისინი დამარცხდნენ არჩევნებში.
„შეგახსენებთ, რომ სააკაშვილის ელიტა, გიორგი კანდელაკი, რომელსაც ჯიბეში ედო დიპლომატიური პასპორტი 2015-16-17 წლებში, ბრიუსელში დადიოდა და ეუბნებოდა ევროკავშირის სხვადასხვა თანამშრომელს, რომ ქართველი ხალხისთვის არ მიეცათ უვიზო მიმოსვლა. თვითონ კანდელაკს და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ჰქონდათ უვიზო მიმოსვლა და ხალხისთვის ენანებოდათ. საუბარი იმაზე, თითქოს ვიღაცას რაღაც გემოში არ მოსდის ქართული დემოკრატია, ეს არის ყურით მოტანილი არგუმენტი, რომელსაც საფუძველიც არ აქვს. ჩახედონ ნებისმიერ შედარებას, მათ შორის პოლონეთთან შედარებას რიგ ასპექტებში. პოლონეთის მოქმედი ხელისუფლების პოზიციაა, რომ მიხეილ სააკაშვილი დემოკრატიის შუქურაა. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ვნახეთ გარე ჩარევა იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ ჩამოეცილებინათ ხელისუფლებიდან და მოეყვანათ „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გარემოცვით. ისინი დამარცხდნენ, ვინც გარედან ცდილობდნენ ქართველი ხალხის ნების წართმევას. ეს არის პოლიტიკური ვენდენტა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რადგან ისინი დამარცხდნენ არჩევნებში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი რამდენიმე ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავს.
0
0