14/11/2023
11:41
ეკონომიკა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის მე-3 კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.7 მილიონი შემოსვლა, რაც 19.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საქსტატის ცნობით, შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 42.5 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
„აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2.3 მილიონი შეადგინა, რაც 21 პროცენტით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
2023 წლის მე-3 კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 2 მილიონს მიაღწია, რაც 22.5 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.7 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 15.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საერთაშორისო ვიზიტორების 74.5 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 21.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.7 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.
2023 წლის მე-3 კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 478.4 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 24.4 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 21.3%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 12.9%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (571.4 ათასი), თურქეთის (498.9 ათასი) და სომხეთის (339.0 ათასი) მოქალაქეების მიერ.
ვიზიტორების უმრავლესობა, 46.5 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 46 პროცენტს შეადგენდა.
2023 წლის მე-3 კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (58.9 პროცენტი) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.
ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა აჭარის ა/რ-ში და თბილისში, შესაბამისად, 1 174.7 ათასი და 1 081.9 ათასი ვიზიტი.
2023 წლის მე-3 კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 5.8 ღამე შეადგინა, რაც 2022 წლის მე-3 კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.8 ღამე) 14.7 პროცენტით ნაკლებია. განხორციელებული ვიზიტების 67.5 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
2023 წლის მე-3 კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 4.8 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 7.3 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2022 წლის მე-3 კვარტალთან შედარებით 11.3 პროცენტით შემცირდა და 2 105.8 ლარი შეადგინა“, – აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.
0
0