15/02/2023
15:38
მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, დაღუპულთა რაოდენობამ 35 ათასს გადააჭარბა.
„სეისმურად აქტიურ ზონაში ცხოვრება იმას ნიშნავს, რომ შეჩვეული უნდა იყო მუდმივ "რყევას", მაგრამ ორშაბათს მომხდარი მიწისძვრების ბიძგების მსგავსი არასოდეს განგვიცდია. ჩვენ გვეგონა, რომ ეს იყო აპოკალიფსი,” - აღნიშნა ქალაქ კაჰრამანმარასის ერთ-ერთმა მკვიდრმა 6 თებერვალს მომხდარ მიწისძვრაზე საუბრისას.
გასული კვირას მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა მაჩვენებელი აღემატება მსგავსი ყველაზე დიდი ბუნებრივი კატასტროფის ზარალის სტატისტიკას - 1939 წელს ერზინჯანის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვს.
1939 წლის 27 დეკემბერს, გამთენიისას, აღმოსავლეთ თურქეთის ერზინჯანის პროვინციაში დიდი მიწისძვრა მოხდა.
მისი სიმძლავრე, 7.8 მაგნიტუდა, ანუ გასულ კვირას მომხდარი მიწისძვრის ანალოგიური იყო და ეპიცენტრი ქალაქ ერზინჯანთან მდებარეობდა. მიწისძვრის ბიძგები დასავლეთის მიმართულებით, დაახლოებით, 400 კმ-ზე გავრცელდა და დედამიწის ზედაპირის მასიური რღვევა გამოიწვია, რაც დღემდე, 80 წლის შემდეგაც შეიმჩნევა.
სტიქიამ ასევე სერიოზულად დააზიანა 116 000-ზე მეტი შენობა; დაზარალებული რაიონებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა სიცივის გამო გართულდა. თავდაპირველად, დაღუპულთა რიცხვი დაახლოებით 8000 ადამიანს შეადგენდა, მაგრამ მხოლოდ ერთ კვირაში ამ მაჩვენებელმა თითქმის 33000-ს მიაღწია.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დაწყებისას ტემპერატურა -30 °C-მდე დაეცა და, მოგვიანებით, ამ ტერიტორიას ქარბუქი და წყალდიდობა დატყდა თავს, რამაც სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა.
1999 წელს ასევე ძლიერი მიწისძვრა მოხდა თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში, რომელსაც 17000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ცნობილია, თურქეთი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს.
0
0