17/10/2023
12:05
ეკონომიკა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების დეკლარირებულმა შემოსავლებმა 9 039.0 მილიონი ლარი შეადგინა. აქედან უდიდესი ნაწილი, 71.1 პროცენტი მიეკუთვნება საპროცენტო და მასთან გათანაბრებულ შემოსავლებს, 13.2 პროცენტი მოდის საკომისიოებზე, ხოლო დარჩენილი 15.7 პროცენტი სხვა სახის შემოსავლებზე ნაწილდება.
საქსტატის ცნობით, 2022 წლის დასასრულისთვის საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების სალაროში განთავსებული იყო 3 048.9 მილიონი ლარი ნაღდი ფულის სახით. 2022 წლის ბოლოსთვის ფიქსირებული და არაწარმოებული აქტივების ნარჩენმა ღირებულებამ 2 201.8 მილიონი ლარი შეადგინა.
ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა შეადგენდა 41.8 ათას კაცს, რომელთაგან 60.0 პროცენტი ქალი იყო. გასულ წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ, პირდაპირი დაზღვევის საქმიანობის მიხედვით გამომუშავებულმა პრემიამ 826.8 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 40.0 პროცენტი სამედიცინო, ანუ ჯანმრთელობის დაზღვევაზე მოდის, 13.7 პროცენტი – ქონების დაზღვევაზე, 8.9 პროცენტი – სიცოცხლის დაზღვევაზე, 7.4 პროცენტი – სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, 1.7 პროცენტი – უბედური შემთხვევის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი – 28.3 პროცენტი სხვა სახის დაზღვევაზე ნაწილდება.
2022 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ დამდგარი სადაზღვევო ზარალი 475.2 მილიონი ლარით განისაზღვრა, რომლის 57.7 პროცენტი სამედიცინო, ანუ ჯანმრთელობის დაზღვევაზე მოდის, 6.2 პროცენტი – სიცოცხლის დაზღვევაზე, 4.9 პროცენტი – სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, 4.7 პროცენტი – ქონების დაზღვევაზე, 0.3 პროცენტი – უბედური შემთხვევის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი – 26.2 პროცენტი სხვა სახის დაზღვევაზე ნაწილდება.
0
0