11/07/2023
14:18
მსოფლიო
„გასულ ზაფხულს, ევროპაში ექსტრემალური სიცხის შედეგად, 61000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა,“ - ნათქვამია ბარსელონას გლობალური ჯანმრთელობის ინსტიტუტისა და საფრანგეთის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერთა მიერ ჩატარებულ კვლევაში.
2022 წლის 20 მაისიდან 4 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სიცხისგან გამოწვეული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 18,010 - იტალიაში დაფიქსირდა. ესპანეთში - 11,324, გერმანიაში - 8,173, დიდ ბრიტანეთში - 3469.
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) წინასწარი მონაცემებით, გასულ კვირას მსოფლიოში ყველაზე ცხელი კვირა დაფიქსირდა.
2022 წლის ზაფხული ევროპაში რეკორდულად ცხელი იყო, რასაც თან ერთვოდა გვალვა, ტყის ხანძრები და ექსტრემალურად ცხელი პერიოდები.
ყველაზე ცხელი პერიოდი იყო ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე, როდესაც, როგორც მკვლევარებმა განაცხადეს, კონტინენტზე 38,881 ადამიანი დაიღუპა.
სიცხისგან გამოწვეული სიკვდილიანობა გაცილებით ხშირი იყო ხანდაზმულებში, განსაკუთრებით ქალებში.
ევროპაში, სიცხისგან დაღუპულთა (70000-ზე მეტი ადამიანი) ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2003 წლის ზაფხულში დაფიქსირდა.
„2003 წლის ზაფხულში სიცხე განსაკუთრებით იშვიათი მოვლენა იყო, მანამდე დაფიქსირებული ანთროპოგენური დათბობის გათვალისწინებითაც კი.
ეს განსაკუთრებული მოვლენა ხაზს უსვამს კლიმატთან დაკავშირებულ საგანგებო სიტუაციებთან გამკლავებისთვის საჭირო პრევენციული გეგმების ნაკლებობას და ჯანდაცვის სისტემების სიმყიფეს. 2022 წლის ზაფხულში დაფიქსირებული ტემპერატურები არ შეიძლება ჩაითვალოს გამონაკლისად იმ გაგებით, რომ მათი პროგნოზირება წინა წლების ტემპერატურული ჯაჭვის მიხედვითაც შეიძლებოდა, რაც აჩვენებს, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში გლობალური დათბობის ტემპი აჩქარდა,“ - თქვა კვლევის თანაავტორმა, ჯოან ბალესტერ კლარამუნტმა.
ასევე, როგორც ერთ-ერთმა მკვლევარმა ჰიჩამ აჩებაკმა აღნიშნა, მთელ ევროპაში, ცივი ტემპერატურის გამო ბევრად მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე სიცხეში, თუმცა სულ უფრო რბილი ზამთარი ხელს უწყობს სიკვდილიანობის შემთხვევების შემცირებას.
თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ, არსებობს მტკიცებულება, რომ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებამ, ჯანდაცვის ინფრასტრუქტურამ და ქცევითმა ადაპტაციამ შეამცირა დაუცველობა სიცივის მიმართ, თუმცა, მიზეზობრივი ფაქტორის განსაზღვრა კვლავ რთულია.
0
0