
ქართული საზოგადოება კარგად ხედავს, კარგად ახსოვს ყველაფერი, იმასაც კარგად აფასებს, ვინ იცავს ამ ქვეყანაში სახელმწიფოს ინტერესებს, უსაფრთხოებასა და მშვიდობას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განუცხადა.
ბოჭორიშვილს კითხვა დაუსვეს სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა: „რუსეთისთვის სანქციებზე როცა ვთქვით უარი, იმ დროს არც იყო დაწესებული სანქციები, ეს იყო მხოლოდ პოლიტიკური პოზიცია, რომ რუსეთისთვის გვეთქვა, ჩვენ თქვენს მხარეს ვართ“.
ბოჭორიშვილის თქმით, ხორციელდებოდა კამპანია საქართველოსა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ, რომელშიც ჩართულები იყვნენ როგორც გარე, ისე შიდა აქტორები.
„პასუხი მარტივია. დღეს ძალიან კარგად ჩანს ის, თუ რამხელა ძალისხმევა გასწია საქართველოს ხელისუფლებამ, რათა სწორი პოზიციონირება მოეხდინა ძალიან რთულ პერიოდში და ეს გადაიტანეს კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა საკუთარ თავზე, საკუთარი მხრებით ვზიდეთ ის ტვირთი, რასაც ერქვა საქართველოსთვის უსაფრთხოების შენარჩუნება და საქართველოსთვის მშვიდობის შენარჩუნება. ის, რომ ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, ამას ჩვენ ასე ადვილად ვერ დავივიწყებთ. ეს იყო მთელი კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ. მასში ჩართულები იყვნენ როგორც გარე აქტორები, ასევე ძალიან აქტიურად ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და ეს ერთგვარად უნიკალური მდგომარეობა, რაც საქართველოში ხდებოდა 2022 წელს, ძალიან ძნელია დაივიწყო, რადგან სწორედ იმის შედეგია, რაც მაშინ გააკეთა ქართულმა ოპოზიციამ, მათ შორის მაშინდელმა პრეზიდენტმა, იმის შედეგია, რომ დღეს, შეიძლება, საქართველოს აქვს გართულებული ურთიერთობები ევროპელ პარტნიორებთან, დასავლეთთან. ეს არის ყველაფერი იმის შედეგი, რომ მათ ძალისხმევა არ დაიშურეს, ჩვენი ქვეყანა, საქართველო წარმოეჩინათ, როგორც შავი ხვრელი, როგორც არა უკრაინის მხარდამჭერი ქვეყანა. ამის დავიწყება არის შეუძლებელი, ამაზე ქართულმა საზოგადოებამ გასცა უკვე პასუხი ოპოზიციას. სწორედ ამიტომაც არის, რომ ისინი ვერ ახერხებენ არჩევნებში გამარჯვებას. ქართული საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს, ძალიან კარგად ახსოვს ყველაფერი და იმასაც კარგად აფასებს, თუ ვინ იცავს ამ ქვეყანაში სახელმწიფოს ინტერესებს, უსაფრთხოებასა და მშვიდობას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
0
0