
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2023 წლის ანგარიში მოისმინეს. პარლამენტის წევრებს ინფორმაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ გააცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დასაქმების პოლიტიკის განხორციელებაში რამდენიმე სახელმწიფო უწყებაა ჩართული, ესენია: დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
„შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში 2020-2023 წლებში 65 ათასზე მეტი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა, აქედან 2023 წელს - 17 339“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მომხსენებლის ინფორმაციით, სააგენტოს სერვის ცენტრებში სამუშაოს მაძიებლებს გაეწიათ როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური კონსულტაციები. მათ შორის, პროფესიული კონსულტაცია განხორციელდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებშიც.
მისივე თქმით, მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების მიზნით ხორციელდება შრომის ანაზღაურების სუბსიდირების პროგრამა, რომლის მიზანია, სამუშაოს მაძიებელი სოციალურად დაუცველი ან დევნილი ახალგაზრდების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შშმპ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა (სსსმპ) დასაქმების ხელშეწყობა.
0
0