
სალომე ზურაბიშვილთან მიმართებით გვექნება დაბალანსებული პოლიტიკა, რასაც სწორს გააკეთებს მივესალმებით, მხარს დავუჭერთ, სადაც არ დგამს სწორ ნაბიჯებს, ვაკრიტიკებდით და გავაკრიტიკებთ კიდეც, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გია ბარამიძემ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
ბარამიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა უნდა გაიზიაროს ქარტიის დებულებები და მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.
„ყველამ იცით, სალომე ზურაბიშვილი როგორ იყო არჩეული, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ისეთივე გაყალბებული იყო, როგორიც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები. ეს თვითონაც კარგად იცის, ქოცები თავადაც ლაპარაკობენ, რომ არაფერ შუაში არ იყო ქალბატონი სალომე და მათი პრინციპული არჩევანი იყო. მიუხედავად არჩევნების გაყალბებისა, მიუხედავად იმისა, რომ ის ბიძინა ივანიშვილის მიერ არჩევნების გაყალბებით მოხვდა თანამდებობაზე, მადლობა ღმერთს, ამ ადამიანმა თავის თავში მონახა ძალა, გარკვეული სიმართლე ილაპარაკოს. სამწუხაროდ, ბოლომდე სიმართლეს არ აკეთებს. ამიტომ, ერთი მხრივ, მივესალმებით იმას, რასაც სწორს ამბობს, რასაც სწორს აკეთებს, ამხელს ბიძინა ივანიშვილს, ამბობს, რომ ის არის რუსული რეჟიმი, ემსახურება რუსეთის ინტერესებს.
ამავდროულად, თუ გულწრფელია, როცა ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის პუტინის მსახური, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი არის რუსული რეჟიმი, მას აქვს ჯიბეში ჩადებული საქართველოს სასამართლო, ფარცხალაძე არის რუსეთის აგენტი, ბიძინა ივანიშვილი ემსახურება რუსეთს – მისი სასამართლოც ხომ რუსეთს ემსახურება? თვითონ ამბობს ამას ხომ?, მაშინ ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ არ ათავისუფლებს რუსეთის მიერ მთავარ სამიზნედ არჩეულ, ამ ქვეყნის თანამედროვე, ევროპული სახელმწიფოებრიობის შემქმნელი ქვეყნის მესამე პრეზიდენტს? გაუგებარია, რატომ არ ათავისუფლებს სხვა პოლიტპატიმრებს, რომლებიც ასევე ამ რუსული უკანონო მართლმსაჯულების მსხვერპლნი არიან და მის მიერ არიან დაპატიმრებული. ამიტომ, ჩვენ გვექნება დაბალანსებული პოლიტიკა სალომე ზურაბიშვილთან მიმართებით. მხარს დავუჭერთ, რასაც სწორს გააკეთებს და მივესალმებით. მაგალითად, როგორც გამოაქვეყნა ქართული ქარტია და მას გულწრფელად შევუერთდით, დღესაც ვიზიარებთ მის დებულებებს. ამავდროულად, მოვუწოდებთ მას, თვითონ გაიზიაროს ამ ქარტიის დებულებები, თვითონ გაატაროს რეალურად ცხოვრებაში, რისიც მას უფლება აქვს. რუსეთის მიერ სამიზნედ ამოღებული საქართველოს პრეზიდენტის შეწყალება არა მარტო მისი უფლება, არამედ მოვალეობაცაა, რადგანაც ამ ქარტიის დებულებების შესრულება არის მისი მოვალეობაც.
თუ ამბობს, რომ საქართველო უნდა იყოს ევროპული სტანდარტის სახელმწიფო, საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, ევროკავშირში პოლიტპატიმრებით როგორ შევალთ? ცხადი ხომაა, რომ ევროკავშირის სტანდარტები ვერანაირად ვერ არის ფარცხალაძის სასამართლო და ივანიშვილის ჯიბის სასამართლო. ამიტომ გვექნება დაბალანსებული პოლიტიკა. სადაც კარგს გააკეთებს, მივესალმებით, მხარს დავუჭერთ, სადაც არ დგამს სწორ ნაბიჯებს, ბუნებრივია, ვაკრიტიკებდით და გავაკრიტიკებთ კიდეც“, – განაცხადა გია ბარამიძემ.
0
0
აშშ 75 ქვეყნისთვის ვიზების გაცემას შეაჩერებს
14/01/2026