
2009 წლის შემდეგ პირველად, ირლანდიაში საჯარო სექტორის თანამშრომლები გაიფიცნენ.
როგორც „როიტერი“ წერს, საჯარო სექტორის დაახლოებით 300 000 თანამშრომელი მთავრობასთან ხელფასების საკითხზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის გამო გაიფიცა. ეს ქვეყანაში 2009 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ საჯარო სექტორის მასშტაბური გაფიცვის პირველი შემთხვევაა.
გაფიცვაში მონაწილეობენ მასწავლებლები, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები და სხვა სახელმწიფო სექტორში დასაქმებულები. საავადმყოფოები მოქალაქეებს მომსახურების მასშტაბური შეფერხების შესახებ აფრთხილებენ. გაფიცვის გამო ათასობით სამედიცინო პროცედურა გაუქმდა.
პროფკავშირები მოითხოვენ, რომ ხელფასების ზრდის ტემპმა ინფლაციას გადააჭარბოს. პროფკავშირების წარმომადგენლები მოთხოვნას ცხოვრების გაძვირებით გამოწვეული პრობლემებით ხსნიან. დასაქმებულები მიიჩნევენ, რომ მთავრობა სათანადოდ არ ითვალისწინებს ყოველდღიური ცხოვრების ხარჯების გაძვირებით გამოწვეულ სირთულეებს. თუ მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, საჯარო სექტორის თანამშრომლები მორიგ გაფიცვას 21 ოქტომბერს გამართავენ.
0
0