11/08/2023
10:28
პოლიტიკა
2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის ფართომასშტაბიანი შემოჭრისა და ომის დაწყების მე-15 წლისთავთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭო განცხადებას ავრცელებს. საბჭო გმობს რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ, შეშფოთებას გამოთქვამს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების გამო და რუსეთს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებისკენ მოუწოდებს.
განცხადება, საბჭოს სახელით, ალბანეთმა გააკეთა. დოკუმენტს ხელს აწერენ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები: ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, იაპონია და მალტა.
„მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში, ვგმობთ რუსეთის მიმდინარე აგრესიას საქართველოში და ე.წ. „ბორდერიზაციის“ პრაქტიკას, სამხედრო წვრთნას, რომელიც არღვევს საქართველოს ტერიტორიის საზღვრებს, საჰაერო სივრცესა და ტერიტორიულ წყლებს; ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების ფაქტებს; გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას და გამშვები პუნქტების დახურვას; დისკრიმინაციას ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიმართ და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ქართულ ენაზე განათლების მიღებისთვის ხელის შეშლას, ქართული კულტურის ძეგლების მიზნობრივ განადგურებას. ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ იმის გამო, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ადამიანის უფლებადამცველ საერთაშორისო ორგანიზაციათა მონიტორინგის მექანიზმს ხელი არ მიუწვდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებზე. ხაზს ვუსვამთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობას საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს წესდებისა და ჰელსინკის დასკვნით აქტზე დაყრდნობით, ასევე - რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის კონტექსტის გათვალისწინებით. კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, ხელი არ შეუშალოს საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმის შექმნას და დაუშვას ორივე რეგიონში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დამცველები და ჰუმანიტარული ორგანიზაციები“, - აღნიშნულია განცხადებაში.
0
0