16/10/2021
18:01
პოლიტიკა
მისი თქმით, მსჯავრდებული სააკაშვილისთვის პოლიტპატიმრის იარლიყის მიკუთვნება იმ ადამიანების შეურაცხყოფაა, ვინც, მისი რეჟიმის დროს, პოლიტპატიმრები იყვნენ და ყველა იმ ოჯახის, რომელთაც მისი რეჟიმი გამოსცადეს.
„ისაა მკვლელი, რომელიც საქართველოს უფსკრულისკენ მიაქანებდა. მას ეზიზღება ადამიანები და სისხლი სწყურია. ეს ადამიანი ავადმყოფია, რომელსაც ციხე კი არა, ფსიქიატრიული საავადმყოფო სჭირდება, სადაც მთელი ცხოვრება უნდა მკურნალობდეს. საქართველო არ იკმარა და უკრაინაში ჩავიდა, იქაც დაღვარა სისხლი. დღეს სურს, თავისი პატიმრობით თვითრეაბილიტაცია და საქართველოს როგორც მხსნელი, ისე მოევლინოს. მიხეილ სააკაშვილო, შენ ციხიდან ვერ გამოხვალ და თუ გამოხვალ, იმას მიიღებ, რაც ჩვენგან გეკადრება“, - განაცხადა ტრისტან წითელაშვილმა.
მან საკუთარი ოჯახის ისტორია და ტრაგედიაც გაიხსენა.
„მე და ჩემი მეუღლე, ორივე, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების მონაწილეები, ვეტერანები ვართ. 2008 წლის 26 აგვისტოს, ჩემს სახლში სპეციალური ქვედანაყოფები შემოიჭრნენ და სპეცოპერაცია ჩაატარეს. რაში სჭირდებოდათ სპეცოპერაცია, როცა შეეძლოთ, ჩემთვის დაერეკათ და მივიდოდი, სამხედრო კაცი ვარ, ნებისმიერ ბრძანებას ვემორჩილები და ნებისმიერ კითხვაზე პასუხს გავცემდი, მაგრამ მათ სურდათ, მეზობლებს, საქართველოს მოსახლეობას დაენახა, როგორ სურდათ ქვეყნის მართვა. შიშს ნერგავდნენ საზოგადოებაში. მე სახლში ვიყავი, ჩემი მეუღლე - სამსახურში, მას ბევრი დაჭრილი ჯარისკაცი ჰყავდა და მათ მკურნალობდა. სახლში, ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ვიყავი. შემოცვივდნენ, მე ხელები გადამიგრიხეს, პატარა ბიჭს, გიორგის, წიხლი ამოარტყეს, კიბიდან გადმოაგდეს. დღემდე, ჩემი ბავშვი სავარძელშია, დღემდე პარალიზებულია, სწორედ ამ ნაძირალა სააკაშვილის გამო. თქვენ როგორ გგონიათ, ამას მე ვაპატიებ? არ ვაპატიებ. არც ქართველი ხალხის აპატიებს იმ სიბინძურეს, რომელიც მან ჩაიდინა“, - განაცხადა ტრისტან წითელაშვილმა.
რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც სასჯელს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იხდის, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს დაზარალებული პირების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
0
0