08/08/2023
10:44
პოლიტიკა
2008 წელს ამ აგრესიის წაყრუებამ მოგვიტანა 2014 და 2022 წლის უკრაინა და ომის გადატანა ევროპის განაპირადან შუაგულში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს მუხათგვერში განაცხადა, სადაც აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
„დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ 2008 წელს რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულების ხსოვნას. 400-ზე მეტი სამხედრო, პოლიციელი, სამოქალაქო პირი დაიღუპა, 2000-ზე მეტი დაშავდა და დაიჭრა. ეს იყო დიდი ტრაგედია, რომელიც 15 წლის წინ დატრიალდა. სამწუხაროდ, მაშინ, 2008 წელს, ბევრმა ამჯობინა თვალის დახუჭვა. ნაცვლად იმისა, რომ რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინათ, ემბარგო დაუწესეს საქართველოს იარაღის შესყიდვაზე. ნაცვლად იმისა, რომ ჰქონოდათ მკაცრი პოლიტიკა რუსეთის მიმართ, ზოგი რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვით იყო დაკავებული, ზოგი სტრატეგიული მილსადენების მშენებლობით, ზოგი კი, ომიდან ორი წლის თავზე, წითელ მოედანზე, სამხედრო აღლუმს მართავდა რუსულ ჯართან ერთად. ალბათ ჩვენ ვიყავით ზედმეტად პატარა და ზედმეტად განაპირა, თუმცა, 2008 წელს ამ აგრესიის წაყრუებამ მოგვიტანა 2014 და 2022 წლის უკრაინა და ომის გადატანა ევროპის განაპირადან შუაგულში. ახლა უკვე ბევრი ამბობს, რომ ისინი ჩასწვდნენ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის არსს თუმცა, ახლა სიტყვები საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია საქმე. საქართველომ თავისი წილი ომისა უკვე იომა, მესმის, რომ სხვებს არ უნდათ ომი, თუმცა, მათი ვალდებულებაა უკრაინას დაუდგენენ გვერდში, რათა მან არ წააგოს ეს ომი“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.
რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წელი გავიდა. 400-ზე მეტი დაღუპული, 2000-მდე დაჭრილი და იძულებით გადაადგილებული 130 000 ადამიანი - ეს რუსული აგრესიის შედეგია.
0
0