
2008 წლის ზაფხულში კეზერაშვილმა მითხრა, ბადრი პატარკაციშვილის მეუღლემ შეწყვიტოს ბრძოლა და შენ ჩემს მეგობარს გადაუფორმე „ბორჯომიო“, უარის შემდეგ, მეორე დილას ჩემი მანქანა აფეთქდა , – ამის შესახებ „იმედის“ მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.
რუხაძის თქმით, ეს იყო მისი გაფრთხილება.
„ბადრი პატარკაციშვილის სიკვდილის შემდეგ, როცა გვეგონა, შეგვეშვებიან და მარტო „იმედი“ უნდოდათ, სულ გააფთრდნენ და ჩვენი აქტივებიც წაგვართვეს. გიგი უგულავამ მთხოვა შეხვედრა და რომ მივედი, დავით კეზერაშვილი დამხვდა. ეს იყო 2008 წლის ზაფხული, რამდენიმე თვის გარდაცვლილი იყო ბადრი პატარკაციშვილი. შეხვედრაზე კეზერაშვილმა მითხრა, რომ ბადრის მეუღლემ, ქალბატონმა ინამ შეწყვიტოს ბრძოლა და შენ ჩემს მეგობარს გადაუფორმე „ბორჯომი“ 15 მილიონ დოლარადო. ვუპასუხე, რომ „იმედზე“ ინას დაველაპარაკები და მისი გადასაწყვეტია, თუმცა, დარწმუნებული ვარ, უარს გეტყვით, „ბორჯომზე“ კი მე გეუბნები უარს-მეთქი. მეორე დილას აფეთქდა ჩემი მანქანა ჩემი ოფისის წინ. ისე აფეთქდა, რომ არავინ დაზიანებულიყო. ოფისის კამერიდან კასეტების ამოღება მოვასწარით. ჩანაწერში ჩანს, რომ ელოდებოდნენ, ხალხი არ ყოფილიყო და ისე აეფეთქებინათ მანქანა. ეს იყო ჩემი გაფრთხილება. ძალიან კარგად ვიცი, იმ დღეებში ვინ გამაფრთხილა, რადგან წინა დღეებში უარი ვუთხარი თავდაცვის მინისტრს „ბორჯომის“ გადაფორმებაზე“, – აღნიშნა ირაკლი რუხაძემ.
0
0