
კახა კალაძე საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟსა და ჰიბრიდულ ომზე საუბრობს - დედაქალაქის მერის თქმით, უცხოეთიდან მართულმა ძალებმა ქართველი ერისა და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ახალი პროპაგანდისტული კამპანია დაიწყეს, რომელიც სოციალურ ქსლებსა და სხვადასხვა პლატფორმაზე ქვეყნის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციების გავრცელებას და ტურიზმის სექტორის დაზიანებას ისახავს მიზნად.
გასულ კვირას სუს-მა სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო.
პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ოპოზიციის დამოკიდებულება რუსეთთან მიმართებით ორმაგი სტანდარტით ხასიათდება. მისი შეფასებით, 2008 წლის ომის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება რუსეთთან მიმართებით განსხვავებულ პოლიტიკას ატარებდა, დღეს კი ოპოზიცია რუსეთის წინააღმდეგ რიტორიკით გამოდის და ტურიზმთან დაკავშირებულ საკითხებსაც პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.
„სწორი თქვა კახი კალაძემ. აბა დააკვირდით ამ ე.წ.ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს. ე.ი. 2008 წლის ომის შემდეგ რუსები ფაქტობრივად საფიცარ ხატად ჰყავდათ. მაშინ ასე იყო დაკვეთა, რომ რუსების წინააღმდეგ ხმა არ უნდა ამოეღოთ და ჩუმად იყვნენ და დითირამბებს უმღეროდნენ, ხოლო ახლა უკრაინის ომის შემდეგ, პირიქით, უნდა შეაჩვენონ რუსეთი და ტურისტებს მისდევენ და ვინმე თუ ჩამოვა ე.ი. ფულს ხარჯავს, ამით სამუშაო ადგილი იქმნება, ადგილობრივი საქმდება, ბიუჯეტი ივსება, ადგილობრივი ბიუჯეტი, ხო? ამას კიდევ ებრძვიან, იმიტომ, რომ ამით უნდათ, რომ საქართველო წარმოაჩინონ მსოფლიოში, რომ თითქოს აქ ჰომოფობიური განწყობებია, რომ აქ დევნიან ვიღაცებს, გაშავება მიდის ჩვენი ქვეყნის. ეს არის ამათი ამოცანა, ამათი დაკვეთა მათი პატრონების მხრიდან. ამასთან დაკავშირებით არის შესაბამისად საქმე აღძრული, საბოტაჟის თემა ქვეყნის წინააღმდეგ და ამასთან დაკავშირებით გამოძიება გვეტყვის, რასთან გვაქვს საქმე“, - აცხადებს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა.
0
0