14/12/2023
19:38
მსოფლიო
ქალს, რომელსაც ოთხი შვილის მკვლელობაში ედებოდა ბრალი და "ავსტრალიის უსაშინლეს დედას" უწოდებდნენ, განაჩენი გააუქმეს. 56 წლის ქალმა 20 წელი ციხეში გაატარა.
ახალი სამხრეთ უელსის უზენაესმა სასამართლომ ხუთშაბათს დაადგინა, რომ მტკიცებულებები, რომლებიც თავდაპირველად კეტლინ ფოლბიგის წინააღმდეგ გამოიყენებოდა, "არასანდო" იყო.
ფოლბიგის თქმით, მისი უდანაშაულობის მტკიცებულება ათწლეულების განმავლობაში "იგნორირებული და უარყოფილი იყო".
"სისტემამ ამჯობინა ჩემი დადანაშაულება და არა იმის აღიარება, რომ ზოგჯერ ბავშვები შეიძლება მოულოდნელად გარდაიცვალონ", - განაცხადა მან სასამართლოზე.
ფოლბიგის საქმე შეაფასეს, როგორც ავსტრალიის ყველაზე დიდი სასამართლო შეცდომა.
საუბარია ქალის ოთხი მცირეწლოვანი შვილის გარდაცვალებაზე - კალებზე, პატრიკზე, სარასა და ლორაზე, რომლებიც 1998-1999 წლის პერიოდში მოულოდნელად გარდაიცვალნენ. ისინი 19-დან 18 თვემდე ასაკის იყვნენ. პროკურორები სასამართლოზე ამტკიცებდნენ, რომ ქალმა ბავშვები გაგუდა.
საქმე ეყრდნობოდა ირიბ მტკიცებულებებს, ფოლბიგის დღიურებს - რომლებიც არასოდეს გამოუკვლევიათ ფსიქოლოგებს ან ფსიქიატრებს - რათა გამოეჩინათ იგი, როგორც არასტაბილური და გაბრაზებისკენ მიდრეკილი დედა.
2003 წელს კეტლინ ფოლბიგს 40 წელი მიუსაჯეს. მოგვიანებით, სააპელაციო სასამართლომ სასჯელი 30 წლამდე შეამცირა.
ამ წლის დასაწყისში, მისი საქმის საეტაპო გამოძიებამ დაასკვნა, რომ მისი შვილები შეიძლება გარდაცვლილიყვნენ ძალიან იშვიათი გენური მუტაციის გამო. სწორედ ამ "არსებითი და ვრცელი" მტკიცებულებების საფუძველზე ფოლბიგი ხუთშაბათს გაათავისუფლეს.
ფოლბიგის იურიდიულმა გუნდმა დაადასტურა, რომ მისი სახელით კომპენსაციას მოითხოვენ.
„მადლობელი ვარ, რომ განახლებულმა მეცნიერებამ და გენეტიკამ მომცა პასუხი იმაზე, თუ როგორ დაიღუპნენ ჩემი შვილები“, - თქვა ფოლბიგმა.
0
0