23/05/2023
18:21
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ მარნეულში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.
უწყების ცნობით, 20 მაისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდაში, სამმა ბრალდებულმა ავტომანქანის დაუფლების მიზნით, ტაქსის მძღოლს თავის არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს და ე.წ "ტროსით" მოახრჩვეს. მოგვიანებით კი მოკლული, კვალის დაფარვის მიზნით, ორმოში დამარხეს.
"საქართველოს პროკურატურამ მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 20 მაისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდაში, სამმა ბრალდებულმა, მათ შორის ერთმა არასრულწლოვანმა ავტომანქანის დაუფლების მიზნით, ტაქსის მძღოლს თავის არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს და ე.წ. „ტროსით“ მოახრჩვეს. ბრალდებულებმა კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი ავტომანქანის საბარგულში მოათავსეს და მიმდებარე ტერიტორიაზე, ორმოში დამარხეს, რის შემდეგაც მოკლულის ავტომობილს დაეუფლნენ და მისი ნაწილებად დაშლა დაიწყეს.
სამივე პირს ბრალი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით და ანგარებით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს," - წერს საქართველოს პროკურატურა.
შეგახსენებთ, რომ მარნეულში მომხდარ მკვლელობაზე ინფორმაცია წუხელ გავრცელდა. მომხდართან დაკავშირებით 2 ადამიანია დაკავებული, მესამე კი ძებნაშია. პროკურატურა განცხადებაში არ განმარტავს, მოხდა თუ არა მესამე პირის დაკავება თუ მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
0
0