17/04/2025
00:24

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია "დიფ სთეითის" დავალებით მოქმედებდა.
მისივე თქმით, "ქართული ოცნებისთვის" ეს ცხადი მას შემდეგ გახდა, რაც "დიფ სთეითის" დავალებით, კონკრეტულმა ადამიანმა მმართველი გუნდის ერთ-ერთ ლიდერთან სატელეფონო ზარი განახორციელა.
"ეს მოხდა როგორ - გაიხსენეთ პანკისის სპეცოპერაცია, სადაც პოლიცია და მოქალაქეები ერთმანეთს დაუპირისპირეს და თან, ყოველ ჯერზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიციელი რჩებოდა შეურაცხყოფილი. პანკისის ხეობაში ასე მოხდა - დაუპირისპირა შსს მოქალაქეებს და დამცირებული და შეურაცხყოფილი დატოვა პოლიციელები, აბსოლუტურად ხელოვნურად დაალაგა ეს ყველაფერი.
გახსოვთ, ასევე, კლუბ "ბასიანის" შემთხვევა, სადაც პირველად დაუპირისპირა ერთმანეთს "ქართული ოცნების" ხელისუფლება და ახალგაზრდები. დაკვეთა იყო, დავალება იყო - ამიტომ არ შეიძლება, რომ რაიმეს გააკარო აგენტი, მაგრამ ჩვენ მოგვიწია. ესეც საინტერესო დეტალია - ვინ დარეკა. კონკრეტულმა სახელმა და გვარმა დარეკა კონკრეტული კაბინეტიდან, სადაც იჯდა "დიფ სთეითის" წარმომადგენელი.
ეს გუნდში იციან და თეა წულუკიანმაც ახსენა, რომ მანაც იცის სახელი და გვარი, ამაზე ჩვენ ერთმანეთთან გვისაუბრია, მაგრამ საზოგადოებაში ამაზე საუბარს ვერიდებით, რადგან არ გვინდა ქვეყანას რაღაც ზედმეტი უხერხულობა შევუქმნათ.
რეალურად, ამ ზარით ჩვენთვის საბოლოოდ გახდა ცხადი, რომ ეს ადამიანი მოქმედებდა უცხო ძალის დავალებებით - ის მომენტი იყოს სრული დასტური. ბეჭედი დაესვა იმ ზარით იმას, რაც მანამდე ჩვენთვის მხოლოდ ლოგიკის საკითხი იყო. არ მინდა მისი დასახელება. უმრავლესობის წევრების უდიდესმა ნაწილმა ეს სახელი და გვარი იცის - მე მისაუბრია მათთან ამასთან დაკავშირებით. ეს ზარი, სხვათა შორის, ჩემთან არ იყო, - ჩვენი პოლიტიკური ძალის კონკრეტულ ლიდერთან იყო.
ქვეყნის გარედან იყო ეს ზარი. ეს იყო კონკრეტული, საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირი, რომელმაც თქვა, რომ მათთვის არ იყო მისაღები გახარიას გადადგომა. დისკუსია გაიმართა 20 ივნისის შემდეგ და, საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება იქნა მიღებული იმასთან დაკავშირებით, რომ გახარიას უნდა დაეტოვებინა საკუთარი თანამდებობა. ეს ეცნობა გახარიას, მან ითხოვა 10-15 წუთი და მერე შემობრუნდებოდა; ამ 10-15 წუთის განმავლობაში, გაისმა ზარი "დიფ სთეითიდან". ეს იყო ოფიციალური, საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირი, რომელმაც ქვეყნის გარედან დარეკა და თქვა, რომ არ იყო მიზანშეწონილი მისი გადაყენება.
ჩვენ გვიწევდა მანევრირება და ამ მანევრირებისა და კომპრომისების შედეგად, სწორედ "დიფ სთეითთან" კომპრომისის საფუძველზე, გახდა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0
ხობში 12 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა
18/04/2025