13/06/2022
19:12
პოლიტიკა
20 ივნისის მიტინგი აპრიორი პოლიტიკურია, მაგრამ პარტიებს შორის პენისების დატოლება საერთო საქმეს დააზიანებს, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებულ პოლემიკას პოლიტოლოგი გია ნოდია.
„ფეისბუქში“ ხალხი ბრაზობს ვიღაცეებზე, ვინც თითქოს ამბობს, რომ 20 ივნისის მიტინგი „არაპოლიტიკური“ უნდა იყოს, ან რომ მასში პოლიტიკურმა პარტიებმა მონაწილეობა არ უნდა მიიღონ. ოღონდ არ ამბობენ, კონკრეტულად ვინ ყავთ მხედველობაში.
რომ ჩავუღრმავდი, აღმოჩნდა, რომ მამუკა ხაზარაძეა კრიტიკის მთავარი ობიექტი. გადავამოწვე და მას მხოლოდ ის უთქვამს, რომ მიტინგზე კონკრეტული პარტიების დღის წესრიგი კი არ უნდა იყოს წინა პლანზე, არამედ ის, რაც გვაერთიანებს: საქართველოს ევროპული მომავალი. ეს, ჩემი აზრით, სრულიად სწორია.
რა თქმა უნდა, 20 ივნისის მიტინგი აპრიორი პოლიტიკურია; პარტიებმა, ვისთვისაც ევროინტეგრაცია მნიშვნელოვანი თემაა, მასში აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ.
მაგრამ ისიც ცხადია, რომ სხვადასხვა პარტიას შორის პენისების დატოლება (რის გარეშე პარტიებს, მათი ბუნებიდან გამომდინარე, არ შეუძლიათ) საერთო საქმეს დააზიანებს. მოგვწონს ეს ფაქტი თუ არა, საზოგადოებაში, რომელშიც ვცხოვრობთ, ძალიან ბევრი ადამიანი პოლიტიკურ პარტიებს არ ენდობა; შეიძლება მათ ამაში არ დავეთანხმოთ, თუმცა საერთო ინტერესშია, რომ მიტინგზე ასეთი ადამიანებიც მოვიდნენ.
ხელისუფლება ამ ყველაფერს ნებისმიერ შემთხვევაში ნაცების მიტინგად გამოაცხადებს: ასეთი რაღაცეების დაიგნორება უნდა ვისწავლოთ.
არსებობს ევრომაიდანის მაგალითი: იქ პოლიტიკური პარტიები მონაწილეობდნენ, მაგრამ წამყვანი მოთამაშეები არ იყვნენ. გამოკვეთილი ლიდერი არ არსებობდა, მაგრამ პროცესი ორგანიზებული იყო. როგორც ჩანს, ეს ყველაზე მომგებიანი ფორმულაა.
თუ პრეტენზია გვაქვს, რომ ევროპელები ვართ, პირველ რიგში ეს იმით უნდა ვაჩვენოთ, რომ სხვადასხვა შეხედულებების და პრიორიტეტების ადამიანებს ერთად დგომა შეგვიძლია, როცა ქვეყნისთვის ძირეული პრინციპების დაცვას ეხება საქმე,” – წერს გია ნოდია.
20 ივნისის აქციის ორგანიზატორი მოძრაობა “სირცხვილიაა”. აქცია საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით იმართება და მისი სახელმწოდებაა: “შინ ევროპისკენ”.
0
0