
32 წელი ისტორიული დღიდან – ქვეყანა უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ თარიღს აღნიშნავს.
1991 წლის 31 მარტს საქართველოს მოქალაქეებმა რეფერენდუმის გზით ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას მხარი დაუჭირეს. საერთო სახალხო კენჭისყრის შედეგები და ხალხის არჩევანი, ცხრა დღეში, უზენაესი საბჭოს მიერ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღებით გაფორმდა. უზენაეს საბჭოს ზვიად გამსახურდია ხელმძღვანელობდა.
"თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის დეკლარაციის შესაბამისად?" - სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ რეფერენდუმზე გამოტანილ ამ შეკითხვას პასუხი - "დიახ", ამომრჩეველთა 98,9 პროცენტმა გასცა.
მასში მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამაც. რეფერენდუმში მონაწილეთა რაოდენობა შეადგენდა 3.302.572 ადამიანს (ამომრჩეველთა 90,3 პროცენტი). მონაწილეთა 98,9 პროცენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას.
რეფერენდუმის შედეგად, იმავე წლის 9 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.
31 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.
0
0