მართლმადიდებელი ეკლესია უფლის ფერიცვალებას დღესასწაულობს. ამ მოვლენის შესახებ სახარებაში საუბარია სამ მახარებელთან: მათესთან, მარკოზთან და ლუკასთან. ფერიცვალების დღესასწაული მე-4 საუკუნიდან აღინიშნება, როდესაც მოციქულთა სწორმა ელენე დედოფალმა თაბორის მთაზე ამ მოვლენისადმი მიძღვნილი ტაძარი ააგო. ფერიცვალება ერთ-ერთია თორმეტ საუფლო დღსასწაულს შორს. ამ დღეს მმარხველთათვის თევზით ხსნილია.
თავისი მიწიერი მსახურების ბოლო წელს, კესარიაში ყოფნისას, უფალმა იესო ქრისტემ მოწაფეებს განუცხადა ის, თუ რა ელოდა იერუსალიმში მღვდელმთავართა და მწიგნობართაგან – რომ მოკლავდნენ და აღდგებოდა მესამე დღეს. მოძღვრის სიტყვებმა მოწაფეები ძლიერ დაამწუხრა. იესომ ეს შენიშნა და უთხრა მათ, რომ იმ დიდებას ანახებდა, რომელშიც იქნებოდა გარდაცვალების შემდეგ: “ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ზოგი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ღმრთის სასუფეველს, მომავალს ძალმოსილებით.”
ექვსი დღის შემდეგ, სამ მოწაფესთან – პეტრესთან, იოანესთან და იაკობთან ერთად იესო თაბორის მთაზე სალოცავად ავიდა. დაღლილ მოციქულებს ჩაეძინათ. ვიდრე მათ ეძინათ, იესო ქრისტემ ლოცვის დროს ფერი იცვალა. გამოღვიძებულებმა იხილეს მაცხოვარი გაბრწყინებულ სამოსში, რომლისგანაც მკვეთრი ნათება მოდიოდა. ქრისტე წინასწარმეტყველებს – მოსეს დ ელიას ესაუბრებოდა. მოციქულმა პეტრემ უთხრა იესოს: „რა გვიჯობს აქ ყოფნას? მოდი, გავაკეთოთ სამი კარავი: ერთი – შენ, ერთი – მოსეს და ერთიც – ელიას“. ამავდროულად „გამოჩნდა ღრუბელი და ჩრდილით დაბურა ისინი. და გაისმა ხმა ღრუბლით, რომელმაც თქვა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი: უსმინეთ მას“.
მომხდარით შეშინებულ პირქვე დამხობილ მოციქულებს იესომ მიმართა, არავისთვის ეთქვათ, რაც იხილეს, ვიდრე არ მოხდებოდა მისი წამება, გარდაცვალება და აღდგომა მესამე დღეს, რაც მათ შეასრულეს კიდეც.
წყარო: DOGMA.GE
0
0
ოზურგეთში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
25/04/2025