02/08/2023
15:48
საზოგადოება
„საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა.
„საზოგადოებისა და ბანკების“ ინფორმაციით, 2023 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 179 600 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.
„მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 10.25% შემცირდა. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 11.427 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.
პირველი მაისიდან პირველ ივლისამდე ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხების რაოდენობა 1100-ით შემცირდა, თუმცა, მთლიანი პორტფელი 11.185 მილიონიდან 11.427 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
179 600 ხელშეკრულებიდან 80 300 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 1.906 მილიონი ლარია. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა პირველი ივლისის მდგომარეობთ 19.53% შეადგინა.
რაოდენობრივად მეორე ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე, პირველი ივლისის მონაცემებით, 73100 სესხია მიბმული, საშუალოდ 13.73%-ში. მთლიანი პორტფელი კი 3548 მილიონი ლარია.
25600 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნესსესხების. მთლიანი პორტფელი 5939 მილიონი ლარია, საშუალოდ 14.46%-ში.
ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ, პირველი ივლისის მონაცემებით, 700 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 22.7 მლნ ლარი ბანკებმა საშუალოდ 18.05%-ში გაასესხეს.
ასევე, გაცემულია 200 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 10.2 მილიონი ლარია.
პირველი ივლისის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 42.7%-ია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხზე – 19.53%-ია, რომელსაც მოყვება ავტოსესხი – 18.05%-იანი განაკვეთით.
პირველი ივლისის მდგომარეობით, გაზრდილია სასესხო პორტფელი, ხოლო ხელშეკრულებების რაოდენობა უცვლელია“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
მათივე ცნობით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება ინფლაციის გამომწვევი შიდა და გარე ფაქტორების შესუსტებისა და ინფლაციის შემცირების ტენდენციითაა გამოწვეული.
„გაცვლითი კურსის გამყარება და მიმდინარე ტენდენციები ადგილობრივ ბაზარს გადმოეცემა და იმპორტირებულ ინფლაციას ამცირებს. კლებადი ინფლაციური მოლოდინები, დაკრედიტების დონე, ეკონომიკური ზრდის ტემპი განაპირობებს ერთობლივი მოთხოვნიდან წამოსული ინფლაციური ზეწოლის არარსებობას. მაღალია ეკონომიკური ზრდა, რაც ინფლაციაზე ზეწოლის საკმაოდ დიდ წყაროდ შეიძლება მივიჩნიოთ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ეროვნულმა ბანკმა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი და ფრთხილი გამოსვლა დაიწყო. მოსალოდნელია, რომ განაკვეთის შემცირების ტემპები კვლავ დაბალი იქნება მაღალი გაურკვევლობის პირობების არსებობის გამო. მნიშვნელოვანია, ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკურ პროცესებზე დაკვირვება გააგრძელოს და გამოიყენოს ყველა ის ინსტრუმენტი, რაც სამომავლოდ ფასების სტაბილურობასა და მაღალ ეკონომიკურ ზრდას შორის წონასწორობას უზრუნველყოფს“, – აცხადებენ „საზოგადოებასა და ბანკებში“.
0
0