
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ პენიტენციური სამსახურიდან მესამე პრეზიდენტის საქმესთან დაკავშირებით გამოთხოვილ ყველა კადრს არ მიიღებს, დაცვის მხარე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების დღიდან, 14 დეკემბრის ჩათვლით არსებულ ყველა ჩანაწერს.
“კიდევ ერთხელ შევახსენებ ხელისუფლებას 14-ში გადის ვადა კადრების გადმოცემის. 14-ში არ გვექნება კადრები, 15-ში უკვე მივმართავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაიწყოს გამოძიება მოსამართლის გადაწყვეტილების აღუსრულებლობაზე.
ვითხოვთ ყველას, მთლიანად, დაპატიმრების დღიდან - ბოლომდე და გამოჩნდება ამ კაცს ჰქონდა გულყრის ეპიზოდები, არ ჰქონდა თუ როგორი სიტუაცია და რა მომენტები იყო, ყველაფერი იქნება კადრებზე", - თქვა ხაჭაპურიძემ.
შალვა ხაჭაპურიძემ პენიტენციური დაწესებულებიდან კადრების გამოთხოვის შუამდგომლობა 14 დეკემბრის სასამართლო პროცესზე დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.
ადვოკატის მოთხოვნით, დაცვის მხარემ უნდა მიიღოს ყველა სახის ვიდეო მასალა, რომელიც გადაღებულია მესამე პრეზიდენტის დაპატიმრების დღიდან - 2021 წლის 1 ოქტომბრიდან, 2022 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით.
0
0