12/09/2024
19:00
სპორტი
2012 წლის ჩათვლით, მხოლოდ სამ სპორტსმენს ჰქონდა მიღებული მონაწილეობა პარალიმპიურ თამაშებში, 2024 წლის პარიზის თამაშებში კი უკვე 14-მა პარალიმპიელმა მიიღო მონაწილეობა და აქედან ცხრა პარასპორტსმენი სამშობლოში პარალიმპიური მედლით დაბრუნდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარალიმპიელების დახვედრის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა პარალიმპიელებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ამ უნიკალური შედეგის მიღწევაში.
„მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ უდიდესი წარმატებისთვის, რომელიც თქვენ გვაჩუქეთ. ჯერ ოლიმპიელებმა გვაჩუქეს რამდენიმეკვირიანი ზეიმი და ეს ზეიმი დიდი წარმატებით გააგრძელეს ჩვენმა პარალიმპიელებმა, რომლებმაც უდიდეს წარმატებას მიაღწიეს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში პარასპორტი ძალიან დიდი წარმატებით ვითარდება. 2012 წლის ჩათვლით, მხოლოდ სამ სპორტსმენს ჰქონდა მიღებული მონაწილეობა პარალიმპიურ თამაშებში და 2024 წლის პარიზის თამაშებში უკვე 14-მა პარალიმპიელმა მიიღო მონაწილეობა, რაც, რა თქმა უნდა, იმ ძალისხმევის შედეგია, რომელიც პარალიმპიურმა კომიტეტმა და თითოეულმა იმ ადამიანმა გასწია, რომელიც ამ წამოწყების გულშემატკივარია. განსაკუთრებული მადლობა კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რომელიც დიდ ყურადღებას უთმობს პარასპორტს. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც დიდი წვლილი შეიტანა ჩვენს წარმატებაში.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ის, რომ 14 მონაწილიდან ცხრა პარასპორტსმენი დაბრუნდა სამშობლოში პარალიმპიური მედლით, რაც ნამდვილად უნიკალური შედეგია. ამ შემთხვევაშიც საუკეთესო შედეგი გვქონდა გუნდურ ჩათვლაში, ისევე როგორც ოლიმპიური თამაშების შემთხვევაში. აქაც ისტორიაში საუკეთესო შედეგს მიაღწია საქართველოს გუნდმა, რაც ჩვენი განსაკუთრებული სიამაყის საგანია. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მედალოსანს, მადლობა გადავუხადო ანა ჯაფარიძეს, რომელმაც პირველმა მოიგო მედალი და, ბუნებრივია, პირველ მედალს ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გუნდის სულისკვეთების გაძლიერებისთვის. მადალობა პარალიმპიურ ჩემპიონს, გიგა ოჩხიკიძეს, რაც, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული და გამორჩეული მიღწევა იყო. ყველა ძალიან გგულშემატკივრობდით თქვენ, ცოტა გვანერვიულეს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, სიმართლემ გაიმარჯვა. მადლობა გიგა ოჩხიკიძეს პარალიმპიური ოქროს მედლისთვის. მადლობა ვიცე-ჩემპიონებს – ლადო ჭინჭარაულს, ზურაბ ზურაბიანს, რევაზ ჩიკოიძეს და გიორგი ქალდანს. ასევე, ძალიან დიდი მადლობა ბრინჯაოს პრიზიორებს – ნინო თიბილაშვილს, ინა ქალდანს და აკაკი ჯინჭარაძეს“, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე მადლობა გადაუხადა იმ პარალიმპიელებს, რომლებმაც მედალი ვერ მოიპოვეს და აღნიშნა, რომ თითოეული მათგანის წვლილი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო საერთო წარმატებაში.
„მინდა, მადლობა გადავუხადო პარალიმპიური თამაშების იმ მონაწილეებს, რომლებსაც ამ შემთხვევაში არ გაუმართლათ, ვერ მოიგეს მედალი. პირველ რიგში, მადლობა ირმა ხეცურიანს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ჩვენს ქვეყანაში პარასპორტის განვითარებაში. მადლობა ლია ჩაჩიბაიას, დავით ქავთარაძეს, გიორგი ნიკოლაძეს, ლაშა ხიზილაშვილს, თითოეული თქვენგანის წვლილი განსაკუთრებული იყო იმ საერთო წარმატებაში, რომელსაც ჩვენმა გუნდმა მიაღწია“, – განაცხადა პრემიერმა.
0
0