
დღეს სამყარო ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას, არაჯანსაღი გლობალური პოლიტიკური პროცესების მიღმა ვერც საქართველო აღმოჩნდებოდა და შესაბამისად, მთელი 13 წლის განმავლობაში ჩვენ გვიწევდა და გვიწევს უკომპრომისო ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტისთვის, ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობისთვის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ყრილობაზე განაცხადა, სადაც დელეგატებმა ის პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს.
კობახიძის თქმით, ეს არის ურთულესი ბრძოლა, სადაც სიმტკიცის შენარჩუნების ძალას გაძლევს რწმენა, რომ ნებისმიერი სისუსტის გამოვლენა შენს ქვეყანას განადგურებად შეიძლება, დაუჯდეს და შესაბამისად, ნებისმიერი უკან დახევა არის დანაშაული საკუთარი ქვეყნის წინაშე.
„დღეს სამყარო ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას: ვხედავთ, როგორ ცდილობენ გავლენიანი ძალები, სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი დაათმობინონ ყველაზე ძლიერ სახელმწიფოებსაც კი, ვხედავთ, როგორ ანგრევენ მრავალი ქვეყნის ეკონომიკას; ვხედავთ, როგორ თელავენ ფეხქვეშ დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ელემენტარულ პრინციპებს იმ ქვეყნებშიც კი, რომლებიც ამ პრინციპების სამშობლოდ მიიჩნევიან; ვხედავთ, როგორ ცდილობენ ეროვნული და რელიგიური იდენტობა წაუშალონ უძველესი კულტურის მქონე ქვეყნებს; ვხედავთ, როგორ ებრძვიან ქრისტიანობას და სხვა ტრადიციულ რელიგიურ აღმსარებლობებს; ვხედავთ, როგორ ებრძვიან და აუფერულებენ კულტურის ყველა სფეროს; ვხედავთ, როგორ იყენებენ სხვადასხვა ქვეყანას საზარბაზნე ხორცად საკუთარი მანკიერი პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად; ვხედავთ, როგორ ცდილობენ, წაშალონ ადამიანების პიროვნული იდენტობა, როგორ უპირისპირდებიან მორალს და ტრადიციულ ღირებულებებს, ნერგავენ უამრავ მანკიერებას, რომელთა ნორმად წარმოჩენა, თუნდაც, 10-15 წლის წინ, თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან რთულად წარმოსადგენი იქნებოდა.
ბუნებრივია, ამ არაჯანსაღი გლობალური პოლიტიკური პროცესების მიღმა ვერც საქართველო აღმოჩნდებოდა და შესაბამისად, მთელი 13 წლის განმავლობაში ჩვენ გვიწევდა და გვიწევს უკომპრომისო ბრძოლა: საქართველოს სუვერენიტეტისთვის, ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობისთვის; გვიწევს ბრძოლა: ქრისტიანობის დასაცავად, მშვიდობის შესანარჩუნებლად, ტრადიციული ღირებულებებისა და საზოგადოებრივი მორალის განსამტკიცებლად. ეს არის უთანასწორო ბრძოლა, სადაც უპირატესობის შენარჩუნების შესაძლებლობას მხოლოდ სიმართლე გაძლევს. ეს არის ურთულესი ბრძოლა, სადაც სიმტკიცის შენარჩუნების ძალას გაძლევს რწმენა, რომ ნებისმიერი სისუსტის გამოვლენა შენს ქვეყანას განადგურებად შეიძლება, დაუჯდეს და შესაბამისად, ნებისმიერი უკან დახევა არის დანაშაული საკუთარი ქვეყნის წინაშე“, – განაცხადა კობახიძემ.
0
0