მართლმადიდებელი ეკლესია 12 ივლისს პეტრე-პავლობას, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს.
პეტრე-პავლობის დღესასწაულს წინ მარხვა უძღოდა, რომელიც წელს 1 ივლისს დაიწყო და პეტრე-პავლობის დღესასწაულზე სრულდება. თუმცა, იმის გამო, რომ პარასკევი ემთხვევა, ეს დღეც სამარხვოა და თევზით ხსნილდება.
ქრისტეს მოწაფეთა, მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს. მათ თავმოციქულები ეწოდებათ.
წმინდა მოციქული პეტრე წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის მიერ მოწოდებამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად სვიმონი ერქვა. მისი რწმენის გამო უფალმა მას პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს.
წმინდა პეტრე მოციქული ჯვარზე აღესრულა. მისი სურვილით ის თავდაყირა დაკიდეს, რათა ჯვარზე ისე არ ყოფილიყო გაკრული, როგორც იესო ქრისტე.
წმინდა მოციქული პავლე წარმოშობით ბენიამენის ტომიდან იყო. მას სავლე ერქვა და მღვდელთმთავართა დავალებით მართლმადიდებლებს დევნიდა. ღვთის განგებით ის უეცრად დროებით დაბრმავდა, რომლის დროსაც იესო ქრისტემ მას თავისთან მოუწოდა. წმინდა მოციქულმა სიცოცხლე თავისკვეთით დაასრულა.
წმინდა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელზე, პირველი ტაძრები რომსა და კონსტანტინეპოლში IV საუკუნეში წმინდა მოციქულთასწორმა კონსტანტინე დიდმა აღმართა.
0
0