იტალიის ქალაქ ნეაპოლში დააკავეს ყალბი ფულის დამზადებაში ეჭვმიტანილი პირი, რომელმაც 11 მლნ ევროს ყალბი ბანკნოტები დაამზადა. ინფორმაციას „ევროპოლი“ ავრცელებს. ამის თაობაზე Deutche Welle იუწყება.
ყალბ ბანკნოტებს დაკავებული სპეციალურ ტიპოგრაფიაში ამზადებდა, რომლის დემონტაჟი მოხდა. გამოძიების ვერსიით, დაკავებულმა 2023 წელს ევროკავშირში ამოღებული ყალბი ბანკნოტების მთელი მოცულობის 27% დაამზადა. ნეაპოლის საიდუმლო ტიპოგრაფიიდან ამოღებულია 3 მლნ ევრო. ძირითადად 20, 50 და 100 -ევროიანი კუპიურები.
ყალბი ფულის დამზადების საქმეზე გამოძიება ჯერ კიდევ 2022 წელს დაიწყო. ინფორმაცია ევროკავშირის 10-ზე მეტი ქვეყნიდან იყო მიღებული. გამოძიების ინფორმაციით, დამნაშავე ფულის გასაღებისთვის ნაციონალურ და ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ არხებს იყენებდა, ძირითადად საფრანგეთის გავლით. ყალბი ბანკნოტები საკმაოდ მაღალი ხარისხის იყო, ფულის დამცავი ელემენტებიც მაღალი ხარისხით იყო დამზადებული.
ექსპერტების ინფორმაციით, დღეს ევროკავშირის ტერიტორიაზე ყველაზე ხშირად 50-ევროიანი ყალბი ბანკნოტები გვხვდება.
0
0