
ვეტერანი ამერიკელი დიპლომატი, 100 წლის ჰენრი კისინჯერი მოულოდნელი ვიზიტით პეკინში ჩავიდა და ქვეყნის თავდაცვის მინისტრს, ლი შანგფუს შეხვდა.
ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 18 ივლისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე ლი შანგფუმ თქვა, რომ ჩინეთსა და აშშ-ს შორის "მეგობრული კომუნიკაცია" იმიტომ "განადგურდა", რომ "შეერთებულ შტატებში ზოგიერთმა ადამიანმა დათმობებზე უარი თქვა".
მანვე დასძინა, რომ ჩინეთს აშშ-სთან სტაბილური, პროგნოზირებადი და კონსტრუქციული ურთიერთობები სურს და იმედოვნებს, რომ შეერთებული შტატები ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის ურთიერთობების ჯანსაღ განვითარებას ხელს შეუწყობს.
ჩინურმა მხარემ გაავრცელა ჰენრი კისინჯერის სიტყვებიც. მისი თქმით, აშშ-მ და ჩინეთმა დაპირისპირებას თავი უნდა აარიდონ და გაუგებრობები მოაგვარონ.
"ისტორიამ და პრაქტიკამ არც შეერთებულ შტატებს და არც ჩინეთს არ შეუძლიათ ერთმანეთს მოწინააღმდეგეებად მოექცნენ. თუ ორი ქვეყანა ომში ჩაერთვება, ეს ორი ხალხისთვის შინაარსიან შედეგს არ მოიტანს". - დასძინა კისინჯერმა.
ვეტერანი დიპლომატის პეკინში ვიზიტის პარალელურად, ჩინეთის დედაქალაქში იმყოფება კლიმატის საკითხებში აშშ-ს წარმომადგენელი, ჯონ კერიც, რომელიც ჩინელ დიპლომატებთან კლიმატის კრიზისის გადაწყვეტის გზების ძებნაში ორი ქვეყნის თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავს.
მანამდე, სინო-ამერიკული ურთიერთობების აღსადგენად მიმართული ძალისხმევის ფარგლებში 18 ივნისს ჩინეთში ჩავიდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, ხოლო 6 ივლისს პეკინს ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ჯანეტ იელენიც ეწვია.
მიჩნეულია, რომ 100 წლის კისინჯერმა, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანამდებობას ორი პრეზიდენტის, რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ ფორდის დროს იკავებდა, 1970-იან წლებში ვაშინგტონსა და პეკინს შორის დაძაბული ურთიერთობების ნორმალიზებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.
0
0