20/09/2024
12:06
მსოფლიო
სამხრეთ ჩინეთში, ქალაქ შენჟენში, 10 წლის იაპონელი მოსწავლე, საკუთარ სკოლასთან ახლოს, დანით დაჭრეს და, მიყენებული ჭრილობის შედეგად, ერთი დღის შემდეგ გარდაიცვალა.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი - 44 წლის მამაკაცი - ინციდენტის ადგილზე დააკავეს.
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ მცირეწლოვანზე თავდასხმა დაგმო და პეკინს, "მაქსიმალურად მოკლე დროში", ახსნა-განმარტებისკენ "მკაცრად მოუწოდა". ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ლინ ჯიანმა თქვა, რომ საქმის გამოძიება მიმდინარეობს და ჩინეთი და იაპონია "ერთმანეთთან მუდმივ კომუნიკაციაშია". ლინმა დასძინა, რომ ჩინეთი გააგრძელებს "ქვეყანაში მყოფ ყველა უცხოელის უსაფრთხოების დაცვას".
პეკინში იაპონიის საელჩომ ჩინეთის მთავრობას „მსგავსი ინციდენტების განმეორების აღკვეთისკენ“ მოუწოდა.
თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. ზოგიერთმა ექსპერტმა შეშფოთება გამოთქვა, რომ ნაციონალისტური განწყობები ჩინეთში შესაძლოა უცხოელების წინააღმდეგ ხშირ ძალადობაში გადაიზარდოს. როგორც ყოფილმა იაპონელმა დიპლომატმა განაცხადა, შენჟენში მომხდარი თავდასხმა ჩინურ სკოლებში არსებული "მრავალწლოვანი ანტიიაპონური განათლების შედეგია".
0
0
ბათუმში გიორგი გახარიას თავს დაესხნენ
15/01/2025