„10 წლის სკოლის მოსწავლემ ექსპერტები გააოცა, როდესაც ზაფხულის არდადეგებზე, სანაპიროზე თამაშისას დინოზავრის ხუთი ნაკვალევი აღმოაჩინა,“ - წერს Dailymail-ი.
სამხრეთ უელსელი გოგონას [თეგანის] დედამ [კლერი] აღმოჩენის შესახებ პალეონტოლოგებს შეატყობინა. პალეონტოლოგიური მუზეუმის ექსპერტების ვარაუდით, ნაკვალევი შესაძლოა პრეისტორიული პერიოდით დათარიღდეს. ისინი თვლიან, რომ სამხრეთ უელსში, პენართის მახლობლად ნაპოვნი ხუთივე ნაკვალევი 200 მილიონ წელზე მეტისაა და შესაძლოა ეკუთვნოდეს დინოზავრს, სახელად კამელოტია.
„ძალიან საინტერესო იყო. სეირნობისას დიდი ორმოები დავინახეთ, რომლებიც დინოზავრის ნაკვალევს ჰგავდა, ამიტომ დედამ მათ რამდენიმე სურათი გადაუღო და ისინი ელექტრონული ფოსტით მუზეუმს გაუგზავნა. როგორც აღმოჩნდა, ნაკვალევი გრძელკისერა დინოზავრისაა,“ - თქვა თეგანმა.
უელსის ეროვნული მუზეუმის პალეონტოლოგმა სინდი ჰოველსმა ქანზე ასახული ნაკვალევები დაათვალიერა და თქვა, რომ "ისინი ნამდვილად დინოზავრის ანაბეჭდებია".
„ხუთივე ნაკვალევი ბალახისმჭამელი დინოზავრის ტიპს უნდა ეკუთვნოდეს, რომელსაც საუროპოდომორფა ჰქვია. ისინი შემთხვევითი ორმოები არ არის, რადგან თანმიმდევრულად ჩანს მარცხენა და მარჯვენა ფეხის ანაბეჭდი და შემდეგ ისევ მარცხენა-მარჯვენა... მათ შორის თანმიმდევრული მანძილია. ეს მნიშვნელოვანი აღმოჩენაა. კამელოტია 3 მ სიმაღლისა და 4-5 მ სიგრძის იყო და ის, შედარებით გრძელი კისრით და გრძელი კუდით, ადრეული საუროპოდომორფის ტიპს მიეკუთვნება. კამელოტია ორი ფეხით დადიოდა, ასევე საკვების მისაღებად ოთხივე ფეხის გამოყენება შეეძლო,“ - განუცხადა Dailymail-ს სინდი ჰოველსმა.
0
0