
“დილით 10 მოქალაქე დაგვხვდა დაკარგულთა სიაში, აქედან, 7 ვიპოვეთ და სამის კვალს ვეძებთ და იმედია, მათაც ვიპოვით”, - ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
ჯანჯღავამ მოუწოდა თურქეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, რომ საქართველოს საელჩოს მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდონ იმასთან ადგილმდებარეობასთან და საკონტაქტო ინფორმაციასთან დაკავშირებით.
„ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად გვქონდეს კომუნიკაცია ჩვენს მოქალაქეებთან. რამდენიმე მოქალაქესთან პირდაპირ ხაზზეც ვიყავით. ახლა ათ მანდილოსანთან, რომლებიც იქ მუშაობენ და ჩარჩენილი არიან, გვქონდა სატელეფონო საუბარი. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველასთან გვქონდეს გარკვეული კომუნიკაცია. ჭირს საუბრები, ინტერნეტი გათიშულია და ზოგ ქალაქში საერთოდ დაბლოკილია და არ მუშაობს, რადგან დაზიანებებია. ტელეფონებით, მოკითხვით და სხვა ახლომდებარე ქალაქებიდან გადარჩენილი ქართველების მეშვეობით ვცდილობთ მათთან დაკავშირებას.
ჩვენი საკონსულო სამსახურის ცხელ ხაზზე შემოდის ასობით ზარი. ბევრი არის თანადგომის, შეხსენების, ინფორმაციის გამო, მაგრამ არიან ისეთები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ კონკრეტულ ქალაქში ამა თუ იმ ტელეფონზე შეიძლება იყვნენ ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი მხრიდან ამის გადამოწმება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ჩვენ ათეულობით მოქალაქესთან გვაქვს კომუნიკაცია. გამოკითხვის შემდეგ, დილით 10 მოქალაქე დაგვხვდა დაკარგულთა სიაში, აქედან, საბედნიეროდ, 7 ვიპოვეთ და სამის კვალს ვეძებთ და იმედია, მათაც ვიპოვით. ამ 7 მოქალაქიდან 3 უკვე ქალაქიდან გასული იყო, 4 იყო დარჩენილი და ისინი ჯანმრთელად და კარგად არიან“,- გაგაცხადა ელჩმა.
ამასთან, ელჩის თქმით, მოქალაქეებს ანკარაში გადაყვანა შესთავაზეს და თუ საჭირო გახდება აღნიშნულ ზომასაც მიმართავენ.
0
0