18/09/2024
16:43
მსოფლიო
მოსკოვში სროლა იყო კრემლის მახლობლად, უმსხვილესი რუსული ონლაინ მაღაზიის, Wildberries-ის ოფისში. დაიღუპა ერთი და დაშავდა 10-მდე ადამიანი. მაღაზიის დამფუძნებელმა, რუსეთის უმდიდრესმა ქალმა, ტატიანა ბაკალჩუკმა, ტელეგრამში თავისი ქმარი ვლადისლავი კომპანიის ხელში ჩაგდების მცდელობაში დაადანაშაულა.
მისი თქმით, ვლადისლავ ბაკალჩუკმა შეიარაღებული პირების ჯგუფთან ერთად სცადა ოფისში შესვლა. ის თავის მხრივ აცხადებს, რომ მოლაპარაკებისთვის მივიდა, თან ახლდა გუნდი და მათ უცნობი პირები დაესხნენ თავს.
Wildberries-ის სათავო ოფისთან, ბიზნესცენტრში „რომანოვ დვორში“, კრემლიდან 350 მეტრში, სროლის შედეგად დაშავებულთა შორის იყო მინიმუმ სამი MMA მებრძოლი კავკასიიდან. ერთ-ერთი მათგანი ჩეჩნეთში ცხოვრობს და რამზან კადიროვის საბრძოლო კლუბ „ახმატის“ წევრი იყო, წერს „აგენტსტვო“.
Mash-ის ინფორმაციით, დაშავებულთა შორის არიან პროფესიონალი სპორტსმენები აბუბაქარ მესტოევი, უმარ ჩიჩაევი და რაშიდ კოძევი. კოძევი კრივში რუსეთის ჩემპიონი და რუსეთის არმიის ჩემპიონია მძიმე წონით კატეგორიაში.
პარალელურად, შეიარაღებული ნიღბიანი პირები შეეცადნენ ხელში ჩაეგდოთ Wildberries-ის ოფისი მეტროს სადგურ დინამოს მახლობლად, ქალაქის ცენტრში, წერს გამოცემა „ოსტოროჟნო, მოსკვა“. თვითმხილველმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ კომპანიაში მისულები შეიძლება ჩეჩნები ყოფილიყვნენ.
ცოლ-ქმარ ბაკალჩუკებს შორის კონფლიქტის შესახებ ამ ზაფხულს გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც გამოცხადდა Wildberries-ის შერწყმის შესახებ გარე რეკლამის უმსხვილეს ოპერატორთან, ჯგუფ Russ-თან.
0
0