22/04/2022
15:50
სამართალი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის 0,1315 გრამის ოდენობით პირადი მოხმარების მიზნით, არაერთგზის შეძენა და შენახვა თავისუფლების აღკვეთით აღარ დაისჯება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ 21 აპრილს მიიღო.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია:
1. არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 76-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის (არაუმეტეს 0,1315 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, არაერთგზის შეძენისა და შენახვის გამო საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
2. არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
0
0