05/10/2022
14:53
სხვადასხვა
„ვინ დაადგინა, რომ 52 თუ 60 წლის ასაკში არ შეიძლება ვისწავლო? მე ამ მითს დავანგრევ!“ - ამას 52 წლის ნონა მარტიაშვილი ამბობს, რომელმაც 2022 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა და სტუდენტი გახდა.
EDU.ARIS.GE-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ აქამდე ორჯერ გახდა სტუდენტი, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, სასწავლებელი ვერ დაამთავრა.
„გადაწყვეტილი მაქვს, აუცილებლად დავამთავრო უნივერსიტეტის ბაკალავრის საფეხური და მერე - მაგისტრატურა. 60 წელს შევხვდები მაგისტრანტის დიპლომით ხელში. აქტიურ სტუდენტობას ვაპირებ. ვივლი უნივერსიტეტში და ნამდვილი სტუდენტი ვიქნები! ჩემი ოცნება იყო, უმაღლესი დამემთავრებინა. სპეციალობა კი მქონდა – სანამ რუსეთში წავიდოდი, სამედიცინო ტექნიკუმი დავამთავრე ფრიადოსნის დიპლომით, ფარმაცევტი ვიყავი, თუმცა ამ სპეციალობით არ მიმუშავია. 2003 წლის შემდეგ აღარც მიფიქრია სტუდენტობაზე, რადგან ეროვნული გამოცდები დაიწყო, რასაც როგორც ჩინურს, ისე ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ ვერ შევძლებდი[...]
შვილს ვთხოვე, ჩემთვის ეთხოვებინა კონსპექტები, რომლითაც ემზადებოდა. ვმუშაობდი, მაგრამ ხანდახან გადავხედავდი ხოლმე და ასე გავედი ეროვნულ გამოცდებზე. მაღალი ქულები ვერ ავიღე, მაგრამ უფასო ფაკულტეტია, სახელმწიფო აფინანსებს და შესაბამისად, უფასოდ ვისწავლი. ყველაზე მეტად ისტორიის ჩაბარება გამიჭირდა, რადგან იმ ასაკში ვარ, რომ თარიღები ცოტა რთულად დასამახსოვრებელია. უცხო ენად რუსული ჩავაბარე, თუმცა წელიწადნახევრის წინ დავიწყე ინგლისური ენის სწავლა რეპეტიტორთან და უკვე საშუალო დონეზე ვფლობ“, - ამბობს ნონა მარტიაშვილი.
ნონა მარტიაშვილი ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ვაზიანში, პლასტმასის გადამამუშავებელ ფაბრიკაში მენეჯერად მუშაობდა. უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგ კი ყველა საქმე მიატოვა და უნდა, აქტიური სტუდენტი იყოს.
0
0