01/08/2023
11:59
საზოგადოება
ახალგაზრდა ქალი ქმარმა ჯოხით და ხელკეტით სასტიკად სცემა, ის ცდილობდა მოძალადისგან გაქცევას, მაგრამ ვერ მოახერხა, ქმარი ისე სადისტურად გაუსწორდა, რომ საავადმყოფოში აღმოჩნდა. სულის შემძვრელ ამბავს „კვირის პალიტრა“ აქვეყნებს.
მარინა დ: ჩემი ოჯახი სიყვარულით შეიქმნა. 2006 წელს ვიქორწინე, თავიდან ყველაფერი ნორმალურად იყო. იყო პერიოდი, როცა ბედნიერად ვცხოვრობდით, მაგრამ მას მერე, რაც თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად, ჩემდამი დამოკიდებულება შეიცვალა. ნაქირავებში ვცხოვრობდით, ქმარმა სამსახური ვერ იშოვა და დალევა დაიწყო, ძალიან აგრესიული გახდა. საკმაოდ ეჭვიანი ადამიანია და ნებისმიერ რამეზე შეეძლო, ეჩხუბა. უნდა ყოფილიყავი ჩუმად, თუ შეეპასუხებოდი, მაშინ სასტიკად გაგისწორდებოდა. სხვა გზა არ მქონდა, მთელი ეს წლები ვიტანდი ამ ტანჯვას, რადგან ორი პატარა მყავდა და წასასვლელი არსად მქონდა. ვინ იცის, რამდენჯერ ვუცემივარ. სულ დალურჯებული დავდიოდი, მაგრამ ამ ამბავს ყველას ვუმალავდი.
ერთ დღეს სამსახურიდან სახლში დაღლილი მოვედი, საცხობში ვმუშაობდი და მთელი დღე ფეხზე ვიდექი. სახლში დაბრუნებულს კიდევ უამრავი საქმე მხვდებოდა და ამას ვაკეთებდი. სახლში ლუდის ბოთლით რომ შემოვიდა, თავისი სოფლელი ბიჭიც მოჰყვებოდა და დაიწყეს დალევა, კარგა ხანს სვამდნენ. მე მაგიდა გავუწყვე და ბავშვები მეორე ოთახში გავიყვანე, რომ დაეძინათ... სტუმარი რომ წავიდა, გიორგი აგრესიით შემოვიდა ოთახში და ამიშარდა, ხელში რაღაც ჯაჭვი ეჭირა და ის ძლიერად ჩამარტყა. სხეულზე დაზიანება დღესაც მეტყობა, მერე ჯოხიც დამარტყა, წავიქეცი და აღარაფერი მახსოვს, გონება დავკარგე. ახლა რომ ვიხსენებ, ბუნდოვნად მახსოვს მეზობლების ხმა, ეტყობა, პერიოდულად გონს მოვდიოდი.
გათიშული წავუყვანივართ საავადმყოფოში. თვალი რომ გავახილე, უკვე იქ ვიყავი. პოლიციელმა დამკითხა.
ცხვირი მთლიანად ჩამსხვრეული მქონდა, მერე ოპერაცია გამიკეთეს. მის წინააღმდეგ ჩვენება მივეცი და დაიჭირეს. აქეთ სცადა ჩემთვის რაღაცების დაბრალება. თავისი არაკაცური საქციელისთვის თავის მართლებას შეეცადა და ბევრი სისაძაგლე დამაბრალა, ამბობდა, რომ თითქოს ვიღაცასთან მქონდა ურთიერთობა და ამიტომ ვეჩხუბეო. ეს აბსურდია. არანაირი ურთიერთობა მე და იმ ბიჭს არ გვქონია. ნუთუ ღმერთის არ ეშინია? შეიძლება ასეთმა კაცმა თავი იმართლოს? ძალიან კარგად იციან მისი ოჯახის წევრებმა, თუ როგორ სასტიკად მექცეოდა. მისი და იყო ერთხელ სტუმრად, როცა მის თვალწინ სრულიად უმიზეზოდ მთვრალმა მცემა. მეორე დღეს ფეხზე ვერ ვდგებოდი.
- რატომ არ დაშორდით მოძალადე ქმარს?
- ასეთ ფაქტებს ვმალავდი, არ მინდოდა, სხვებს გაეგოთ ჩემი პრობლემები. ვეხვეწებოდი დავშორდეთ-მეთქი, მაგრამ უარს ამბობდა. მართლა იმდენჯერ მცემა, მეტის ატანა აღარ შემეძლო. შენ აქედან თუ წახვალ, მოგკლავო, მემუქრებოდა. ბოლო დროს, დღეში 4-5-ჯერ თვრებოდა და ფხიზლდებოდა, ამდენი სმისგან მოლანდებებიც ჰქონდა.
ახლა მე და ჩემი შვილები სხვაგან გადავედით ნაქირავებში და იქ ვცხოვრობთ. ბავშვებს ფსიქიკა დაუზიანა. ეჭვიანობის საბაბს არ ვაძლევდი, ყველასთან ურთიერთობას ვერიდებოდი. ერთადერთი, სამსახურში მივდიოდი, რომ ჩემი შვილები მშივრები არ ყოფილიყვნენ და მისი ძმის სახლში თუ წავიდოდით. ჩემი ბევრი ნათესავი ცხოვრობს თბილისში, მაგრამ არავისთან არ დავდიოდი. ახლა ძალიან ვნანობ, ასე რომ გავინადგურე ცხოვრება და ამ ფაქტებს რომ ვმალავდი. სრულად
0
0