
ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ამავე არხის ყოფილი წამყვანის ლაშა ნაკაიძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ არხი თავდაპირველ პოზიციაზე რჩება, რომელიც ნაკაიძის დაკავებისთანავე გაჟღერდა.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვეხმაურებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ლაშა ნაკაიძის საქმეზე 11 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებას.
„მთავარი არხის“ ყოფილი წამყვანი და ჟურნალისტი ლაშა ნაკაიძე სასამართლომ გაამართლა გაუპატიურებისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებებში.
ამავე დროს, ის დამნაშავედ იქნა ცნობილი ძალადობასა და მუქარაში და მიესაჯა ერთწლიანი პატიმრობა. „მთავარი არხი“ რჩება თავდაპირველ პოზიციაზე, რომელიც გაჟღერდა ლაშას დაკავებისთანავე - ტელეკომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის ძალადობას და არ განიხილავს ნაკაიძესთან თანამშრომლობის აღდგენის საკითხს.
ჩვენ ვალდებულნი ვართ, ვიხელმძღვანელოთ ამ ეტაპზე არსებული განაჩენით“, - ნათქვამია განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, 11 მაისს საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ წამყვანი და ჟურნალისტი ლაშა ნაკაიძე მის მიმართ წაყენებულ ყველაზე მძიმე ბრალდებებში გაამართლა.
ბრალდებულს ოთხი მუხლიდან ორი მოეხსნა. ლაშა ნაკაიძეს არ დაუდასტურდა არც მეგობარი გოგონას გაუპატიურება და არც მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს გავრცელება.
16 აგვისტოს სექსუალური ძალადობის ფაქტზე ნაკაიძე დააკავეს.
მოგვიანებით საქართველოს პროკურატურამ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით გაუპატიურების, ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებზე ლაშა ნაკაიძეს ბრალდება წარუდგინა.
0
0