28/09/2021
17:52
მსოფლიო
გთავაზობთ სტატიის მოკლე შინაარსს:
„გერმანიაში ბუნდესტაგის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური ვაჭრობის დრო მოდის: არჩევნების შედეგები, როგორც ჩანს, ადასტურებს ოტო ფონ ბისმარკის მიერ წარმოთქმულ ძველი აფორიზმის ჭეშმარიტებას; „სოსისების მოყვარულებმა და კანონის პატივმცემლებმა არ უნდა იცოდნენ, თუ როგორ მზადდება ერთიც და მეორეც“.
პოლიტიკური ამინდი არჩევნების შემდეგ
ბერლინში პოლიტიკური გარიგებების პროცესი საკმაოდ რთული და, სავარაუდოდ, ხანგრძლივი იქნება: იმ პარტიები, რომლებმაც ბუნტესტაგის არჩევნებში გარკვეული რაოდენობის ადგილები მიიღეს, საკუთარი წონისა და მნიშვნელობისათვის ფასის დადებას ცდილობენ - ვინ შევა მინისტრთა კაბინეტში მათგან და რომელ თანამდებობაზე... თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გერმანია მსოფლიო პოლიტიკაში თავის როლს დაივიწყებს.
მაგრამ რეალობასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ: გერმანიას დღეს ენერგეტიკული და ეკონომიკური პრობლემები აქვს. ბერლინი რთული გეოპოლიტიკური არჩევანის წინაშე დგას: პასუხი უნდა გაეცეს კითხვას: შეასრულებს თუ არა გერმანია თავისი ეკონომიკური წონის ტოლფას როლს საგარეო პოლიტიკაში?
ანგელა მერკელს ბევრი კომენტატორი „მსოფლიოში ყველაზე გავლენიან ქალს“ უწოდებდა, მაგრამ მათ, როგორც ჩანს, მხედველობიდან გამორჩათ, რომ „გავლენიანი ქალი“ საკმაოდ ხისტად მოქმედებდა: მის საგარეოპოლიტიკურ ხელწერას ხელების გადაგრეხვა წარმოადგენდა - იგი ორმხრივ ურთიერთობებში საკუთარი ეკონომიკური წონით აღწევდა იმას, რის მიღწევასაც მისი ფრანგი პარტნიორები უფრო მეტად თვითონ კი არა, ევროკავშირის მეშვეობით ცდილობდნენ.
თუ ანგელა მერკელის შემდეგ გერმანიის საგარეო პოლიტიკაში მისი მემკვიდრეობა შენარჩუნდება, ეს ნიშნავს, რომ ინიციატივას ხელში უკვე საფრანგეთი აიღებს და პარიზ-ბერლინის ღერძი რუსეთთან ან ჩინეთთან საქმიან ურთიერთობებს პრინციპებზე მაღლა დააყენებს. გავიხსენოთ, რომ ემანუელ მაკრონი და ანგელა მერკელი ამ წლის გაზაფხულზე როგორ ცდილობდნენ ჩინეთთან საინვესტიციო გარიგების დადებას ევროკავშირის სახელით და დიალოგის განახლებას რუსეთთან. (...)
ვისზეა დამოკიდებული გერმანიის მთავრობის შედგენა?
გერმანიაში წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მაშინ როცა ლიბერალი „თავისუფალი დემოკრატები“ და „მწვანეები“ გერმანიის კანცლერს აკრიტიკებდნენ ავტორიტარი სავაჭრო პარტნიორების - რუსეთისა და ჩინეთის მიმართ „წყნარი“ მიდგომების გამო, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ახალი ლიდერი არმინ ლაშეტი იმავე ქვეყნებისადმი ანგელა მერკელის კურსის ერთგულებაზე საუბრობდა, ხოლო მისი „დაუძინებელი მტერი“, სოციალ-დემოკრატი ოლაფ შოლცი მდუმარედ მხარს უჭერდა თავის კონკურენტს.
საინტერესოა, როგორი სიტუაცია იქნება არჩევნების შემდგომ. ფაქტია, რომ ამჟამად მთელი იმედები „თავისუფალ დემოკრატებზე“ და „მწვანეებზეა“, სწორედ მათთან დაიწყება მოლაპარაკებები კოალიციური მთავრობის შესაქმნელად. (...)
გერმანიას ინგლისურენოვან მსოფლიოსთან ნორმალური დამოკიდებულება აქვს კულტურული ერთობის თვალსაზრისით, თუმცა ამას ვერ ვიტყვით ევროკავშირში მისი ტრადიციული პარტნიორის - საფრანგეთის მიმართ. მაკრონისეული საფრანგეთი გერმანიის გარეშე ვეღარ გაატარებს იმ აღმოსავლურ პოლიტიკას, რის გატარებასაც მერკელისეული გერმანიის დროს ორივე ერთად ცდილობდა. შესაბამისად, საფრანგეთი, თუ კვლავ შეეცდება რუსეთთან და ჩინეთთან რაიმე გარიგების დადებას, პარიზი რისკავს, რომ მარტოდ დარჩება. ეს მოხდება ყველა შემთხვევაში - არ აქვს მნიშვნელობა, როგორი კოალიციური მთავრობა იქნება გერმანიაში. ანგელა მერკელის გარეშე ემანუელ მაკრონის იდეები „ევროპულ სტრატეგიულ ავტონომიაზე“ აშშ-სა და ნატოსაგან დაშორებით მირაჟად იქცევა. ასე რომ, გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნებით ყველაზე მეტად წაგებული საფრანგეთი აღმოჩნდა.
ევროპოლიტიკის პერსპექტივა ინგლისისათვის
რა პერსპექტივა აქვს ასეთ სიტუაციაში დიდი ბრიტანეთის ევრაზიულ პოლიტიკას? თუ გავითვალისწინებთ, რომ ლონდონს მოსკოვთან და პეკინთან საკმაოდ რთული ურთიერთობა აქვს, დიდი ბრიტანეთისთვის პარიზ-ბერლინის [პრორუსული] ღერძის დასუსტება სასარგებლო უნდა იყოს. უაიტჰოლისათვის (ინგლისის მთავრობისათვის) ასევე მისასალმებელია ისიც, რომ საფრანგეთ-გერმანიის პოლიტიკური სიმპათიების გაცივება წინა პლანზე სწევს აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების მნიშვნელობას.
მაგრამ თვით ევროკავშირისათვის საფრთხეც არსებობს: ევროპული გეოპოლიტიკის ასეთი რყევამ შესაძლოა ევროკავშირის წევრთა შორის ოდესღაც არსებული უთანხმოებები განაახლოს. არაა გამორიცხული, რომ საფრანგეთი კვლავ იზოლაციაში აღმოჩნდეს. ასევე შესაძლებელია ემანუელ მაკრონი ფრანგებმა პრეზიდენტად მეორე ვადით არ აირჩიონ და უპირატესობა მისცენ უფრო რადიკალ პოლიტიკოსს, ნაციონალისტსა და ევროსკეპტიკოსს.
გერმანელი ამომრჩევლები, ალბათ, სულაც არ ფიქრობდნენ ევროკავშირში უკვე ჩამოყალიბებული-დამყარებული წესრიგის არევ-დარევას, მაგრამ მათ მიერ გაკეთებული არჩევანი, ალბათ, სწორედ ამ შედეგამდე მიიყვანთ“.
0
0