05/04/2023
21:27
პოლიტიკა
„უფფ, არაუშავს, ცხოვრება გაგრძელდება, თავს ვერ მოვიკლავ“, - ამ სიტყვებით ეხმაურება „მთავარ არხთან“ სატელეფონო საუბრისას აშშ-ის მიერ დასანქცირებული მოსამართლე ლევან მურუსიძე სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას.
მურუსიძე აცხადებს, რომ მას კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია.
„უფფ არაუშავს, რა ვქნათ ახლა, ცხოვრება გრძელდება. არ მეკუთვნის დასანქცირება. რა ვიცი ახლა, თუ დამასანქცირებენ, თავს ხომ არ მოვიკლავ ახლა, ხომ? რა გავაკეთო. ძალიან ცუდი იქნება ჩემთვის პირადად, მაგრამ გაგრძელდება ცხოვრება.
თუმცა პირადად გეტყვით, რომ არაფერი ისეთი მე არ ჩამიდენია, დასანქცირება რომ მეკუთვნიოდეს, მაგრამ ნუ, რა ვქნათ ახლა. ლევან მურუსიძე ამას როგორმე გადაიტანს, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს არის ნამდვილად ძალიან დიდი უსამართლობა, მაგრამ ხლა რომ ვთქვა, რომ მუხლები ამიკანკალდა და შემეშინდა და რაღაცა და რამე, არც ანგარიშები არა მაქვს არსად, პატიოსანი ცხოვრებით მიცხოვრია, კანონი მე არ დამირღვევია და თუ ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ევროკავშირში არ შეგვიშვებენ, ეგრე ბაბუაჩემსაც არ უვლია და უცხოვრია კაცურად ადამიანურად და გადაუტანია.
არავის არ უკითხავს,რატომ მიიღო სასამართლომ ესა თუ ის გადაწყვეტილებები ხომ? რომ ეკითხათ, ვთქვათ, რომ რატომ მიიღო სასამართლომ, შეიძლება სასამართლოს ეთქვა თავისი არგუმენტი.
კაცად დავიბადე. მაქვს ჩემი ღირსება. მიმაჩნია, რომ არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ჩამეიდენია. მიცხოვრია ადამიანურად, კორუფციაში მე არა ვარ და ყოველთვის ვიღებდი იმ გადაწყვეტილებებს, რაც მიმაჩნდა სწორად და კანონიერად. ნუ, ახლა, რა ვქნათ, რაც არის, ეს არის, რა“, - აცხადებს ლევან მურუსიძე.
0
0