19/02/2024
14:47
ტურიზმი
„უცხო ქვეყნის მოქალაქეები არალეგალურად მუშაობენ საქართველოს ტურიზმის სფეროში“ - განაცხადა „საქართელოს ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის“ თავმჯდომარემ, გიორგი თეთრაძემ სფეროში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე.
გიორგი თეთრაძე აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას ის წარმოადგენს, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი უცხოელი არალეგალურადაა დასაქმებული, შესაბამისად, ისინი არ იხდიან გადასახადებს და ადგილობრივები ვეღარ ახერხებენ თავიანთი საქმის წარმოებას.
„გვერთმევა სრულიად მუშაობის უფლება, სამუშაო ადგილები ამ სფეროში დეფიციტური ხდება და ეს ხალხი, ვინც მუდმივად მუშაობდა და მუშაობს ამ სფეროში, იძულებულია, რომ სხვა პროფესიით დაიწყოს მუშაობა, ზოგჯერ კი დატოვოს საქართველო. ქვეყანა იმისკენ უნდა იყოს მიმართული, რომ ეს სფერო გაჯანსაღდეს და არა პირიქით“, - განაცხადა გიორგი თეთრაძემ.
გიდების ასოციაცია „საგას“ წევრი, ქეთი ბურნაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარში ამბობს, რომ პრიორიტეტი ადგილობრივებს უნდა ენიჭებოდეს, ხოლო უცხოელები უნდა გადიოდნენ მკაცრ კონტროლს და ხდებოდნენ სერტიფიცირებულნი.
0
0