09/11/2021
11:38
საზოგადოება
მისი თქმით, ეს ფაქტი იყო არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევა და შეურაცხყოფა, არამედ სისასტიკე, რომელიც ყველა მოქალაქეს შეიძლება მისწვდეს.
„მინდა გამოვეხმაურო იმ უმძიმეს სურათს, რომელიც გუშინ ვიხილეთ, აბსოლუტურად ველური, სასტიკი შურისძიების შესახებ. ვეღარც ვილაპარაკებ კანონდარღვევაზე, რადგან კანონი ამ ხელისუფლებისთვის აღარაფერს ნიშნავს.
მათ არც უფიქრიათ იმაზე, რომ კანონი დაიცვან. ეს ყველაფერი იყო დემონსტრაციულად დიდი სისასტიკით გაკეთებული. ეს სისასტიკე არის სინამდვილეში საქართველოს ყველა მოქალაქის მიმართ, შეიძლება დღეს ყველა ვერ იაზრებს, რომ ეს მათ ეხება, ან საკუთარი პოლიტიკური პოზიციის გამო, პირიქით, ჰგონიათ, რომ არ ეხებათ ეს ემოცია, მაგრამ ვხედავთ, რომ სახელმწიფო გახდა სასტიკი და მისთვის არაფერს წარმოადგენს არც ერთი ადამიანი და სახელმწიფო ყველაფერს გაგიკეთებს.
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი არის ნაცემი და ის ძალის გამოყენებით გადაიყვანეს გლდანის ციხეში. რა თქმა უნდა, ეს გარდა მისი შეურაცხყოფისა, იყო ადამიანების გამოწვევა. ჩვენთვის ეს არ იყო სიურპრიზი, არ ვაპირებთ წუწუნს და ვაი ვიშს, ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
მისი თქმით, მედიკამენტების მიღებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაწყვეტს, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება.
„რაც შეეხება ჩემი პროტესტის ფორმას, ვთქვი, რომ ვიშიმშილებ მანამდე, სანამ მისი ჯანმრთელობის შესახებ კითხვები არ მოიხსნება. ახლა მისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პრობლემა კიდევ უფრო არის დიდი, ვიდრე მანამდე. ამიტომ, რა თქმა უნდა, არც კი განვიხილავ შიმშილობის შეწყვეტას.
ერთადერთი, პოლიტიკური კონტექსტი შეიცვალა. თუ ჩემი სიცოცხლის პარამეტრებს შეექმნება საფრთხე, მხოლოდ ამ შემთხვევაში მივიღებ გარკვეულ მედიკამენტებს. ახლა მე არ ვიღებ მედიკამენტებს, თუ მე ჩემი ნდობით აღჭურვილი ექიმი მეტყვის, რომ ეს უკვე არის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარი, ამ შემთხვევაში მივიღებ წამლებს. არ ვაპირებ არც სიკვდილს, არც დანებებას, არც ბრძოლის შეწყვეტას, ვაპირებ გამარჯვებას ამ ბრძოლის გზით“, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.
0
0