15/04/2023
12:32
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ პარტიის მიერ ე.წ. ნიკა მელიას ფლანგის შესახებ გავრცელებულ განცხადებას „გაუგებარი“ უწოდა და აღნიშნა, რომ მათ პარტიაშია სერიოზულ გადაწყვეტილებებზე სამსჯელოდ აღარ ეძახიან.
„ისე გავიდა ეს ორი თვე, რომ არცერთ გადაწყვეტილების მიღებაზე ჩემთვის, პირადად, ერთი სიტყვაც არავის უთქვამს. მე მეგონა, რომ პირიქით, გაუხარდებოდათ, რომ ოპოზიცია ამით ძლიერდება, კიდევ ერთი ოფისი ემატება. გვაქვს ისეთი მოცემულობა, რომ თუ არ იზიარებ ვანო მერაბიშვილის პოზიციას ან თუ არ ხარ ყოფილი თავდაცვის მინისტრის ნათესავი, მაგ პარტიაში არ გიშვებენ, ისე მოხდა, რომ არც ერთი ვარ და არც მეორეს ვაკეთებ. არ მგონია, რომ ვინც ამ განცხადებას წაიკითხავს, ვინმეს გაუჩნდეს იქ მისვლის სურვილი და დარწმუნებული ვარ, იქ მყოფი ჩვენი ძალიან ბევრი მეგობარი ძალიან უხერხულში ჩააგდეს ამ წერილის შინაარსით“, - აცხადებს დოლიძე.
ცნობისთვის, პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ნიკა მელიას და მისი მომხრეების მიერ ახალ ოფისში გადასვლას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა და ისინი სეპარატიზმის მცდელობებით პარტიის ინტერესების დაზარალებაში დაადანაშაულა.
პარტია ე.წ. ნიკა მელიას ფრთას მოუწოდებს, აღიარონ და შეეგუონ „პირდაპირი და მაღალი ლეგიტიმაციით ჩატარებული არჩევნების შედეგებს“, რომლის შემდეგაც, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტი ლევან ხაბეიშვილმა დაიკავა.
0
0