23/06/2023
13:34
მსოფლიო
ცნობილი ფილმის „ტიტანიკის“ რეჟისორის ჯეიმს კამერონის განცხადებით, ის წყალქვეშა ნავ „ტიტანის“ დაღუპვაში მას შემდეგ დარწმუნდა, როცა გაწყვეტილი კავშირი 24 საათში ვერ აღდგა.
"მე ელექტრონული წერილი გავუგზავნე ყველას, ვისაც ვიცნობ და ვუთხარი, რომ „რამდენიმე მეგობარი დავკარგეთ. წყალქვეშა ნავი აფეთქდა. მისი ნაწილები ოკეანის ფსეკრზეა“. ეს წერილი ორშაბათს დილით გავგზავნე", - იხსენებს რეჟისორი Reuters-თან ინტერვიუში. როგორც ჯეიმს კამერონმა თქვა, მას სურდა, რომ ადრე აეტეხა განგაში OceanGate-ის ტექნოლოგიის გამო.
როდესაც რეჟისორმა გაიგო, რომ კომპანია OceanGate წყალქვეშა მოწყობილობას ნახშირბადის ბოჭკოსა და ტიტანის კორპუსით ამზადებდა, სკეპტიკურად განეწყო.
„ჩემი აზრით, ეს საშინელი იდეა იყო. მინდოდა ეს ხმამაღლა მეთქვა, მაგრამ ისიც ვივარაუდე, რომ ვიღაც ჩემზე ჭკვიანიც არსებობდა, რადგან მე არასდროს ჩამიტარებია ექსპერიმენტი ამ ტიპის ტექნოლოგიაზე. შედეგი ფატალური აღმოჩდა. ამ სფეროში სტანდარტად მიღებულია წყალქვეშა ნავის კორპუსების [რომლებიც გარე და შიდა წნევებს აბალანსებს] დამზადება ფოლადისგან, ტიტანისგან, კერამიკისგან ან აკრილისგან, რომლებიც გამოცდისთვის უფრო ხელსაყრელია. მართალია, ზოგჯერ უპირატესობა ინოვაციას უნდა მივანიჭოთ, მაგრამ დაუშვებელია ექსპერიმენტული წყალქვეშა აპარატის გამოყენება მგზავრებთან ერთად, რომლებიც არ არიან საზღვაო ინჟინრები", - თქვა ჯეიმს კამერონმა.
რეჟისორმა ასევე აღნიშნა „ტიტანსა“ და „ტიტანიკს“ შორის მსგავსება და თქვა, რომ ორივე ტრაგედიას წინ გაფრთხილებები უძღოდა, რომლებსაც [კონსტრუქტორებმა] ყურადღება არ მიაქციეს. "აი, ჩვენ ისევ ვართ იმავე ადგილას. ახლა ერთი ნავის ნამსხვრევებს მეორე გემის ნამსხვრევების გვერდით ვხედავთ იმავე დაწყევლილი მიზეზის გამო", - თქვა კამერონმა.
0
0