27/03/2024
14:14
მსოფლიო
მოტივტივე ფიცარი, რომელმაც ფილმ „ტიტანიკის“ პერსონაჟი როუზი (ქეით უინსლეტი) გადაარჩინა, რესტორნისა და საკურორტო ქსელის Planet Hollywood-ის აუქციონზე 718,750 აშშ დოლარად გაიყიდა.
ბლოკბასტერში ჯეკმა (ლეონარდო დი კაპრიო) გადაწყვიტა, რომ მოტივტივე ფიცარი - კარის საყრდენი ნაწილი - თავისი შეყვარებულისთვის, როუზისთვის, დაეთმო, რადგან ფიცარზე მხოლოდ ერთი ადამიანი მოთავსდებოდა. მოგვიანებით, ჯეკი ატლანტის ოკეანის ყინულივით ცივ წყალში ჩაიძირა.
2012 წელს, „ტიტანიკის“ რეჟისორმა ჯეიმს კამერონმა განაცხადა, რომ დღეში ათობით წერილს იღებდა, რომლებშიც ავტორები როუზს "ეგოისტს" უწოდებდნენ, ჯეკს კი - "იდიოტს".
„სცენარის მიხედვით, ჯეკი უნდა მომკვდარიყო. შეიძლება სიუჟეტი გავაფუჭეთ, მაგრამ ორივე პერსონაჟი ვერ გადარჩებოდა," - თქვა რეჟისორმა.
აუქციონერის Heritage Auctions-ის თანახმად, ფილმში გამოყენებული კარის საყრდენი შედგება ნამსხვრევებისგან, რომლებიც 1912 წლის „ტიტანიკის“ ტრაგედიის შემდეგ გადარჩა. დებატები იმართება იმის შესახებ, შეიძლებოდა თუ არა ამ საყრდენზე ორივე გმირის მოთავსება - საყრდენი დაახლოებით 2.4 მ სიგრძისა და 1 მ სიგანისაა.
აუქციონზე ასევე წარმოდგენილი იყო ფილმში „ინდიანა ჯონსი და ბედისწერის ტაძარი“ გამოყენებული მათრახი, რომელიც 525 000 აშშ დოლარად გაიყიდა; „ადამიანი ობობას“ კოსტიუმი, რომელიც ტობი მაგუაირს ეცვა, 125 000 აშშ დოლარად გაიყიდა და იმავე ფასად -ნაჯახი, რომელიც ჯეკ ნიკოლსონმა ფილმ „ნათებაში“ სააბაზანოს კარის გასატეხად გამოიყენა.
აუქციონმა სულ $15,68 მილიონი მოიზიდა.
0
0