
„ევროპული საქართველოს“ ყოფილი ლიდერები გიგა ბოკერია და თამარ ჩერგოლეიშვილი პარტიის დაფუძნების პროცესში არიან. ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილმა რადიო „სივრცის“ პირდაპირ ეთერში, გადაცემა „შუადღის სივრცეში“ ჩართვისას განაცხადა.
მისივე თქმით, განიხილავენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობასაც.
„ჩვენ ვაფუძნებთ პარტიას. ჩვენ კარგად გამოვედით ამ პროცესიდან. ჩვენი რეიტინგი ისევ ჩვენთან არის და ეს ჩვენ პროექტებს უკავშირდება, რომლებსაც განვაგრძობთ. ვინც მხარს უჭერდა ჩვენ პროექტებს, ისევ გამოგვყვება.
რაც შეეხება უშუალოდ 2024 წლის არჩევნებს, ამ შემთხვევისთვის სამი ვარიანტი გვაქვს და სამივე ვარიანტს განვიხილავთ მას შემდეგ, რაც ბრენდი იქნება და ჩვენ მოგვეცემა საშუალება, რომ გავზომოთ საკუტარი შესაძლებლობები“ - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
კითხვაზე, მიღებენ, თუ არა 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას, პასუხობს რომ ჯერჯერობით არ იცის - „შეიძლება მივიღოთ, შეიძლება, არა“.
მისივე თქმით, რა სახელწოდების იქნება ბრენდი, ამ ყველაფერს საზოგადოება პრეზენტაციაზე შეიტყობს.
„ჩვენ მხარი დაგვიჭირა 900-მა ადამიანმა. ამ 900 ადამიანზე უნდა დავაფუძნოთ ჩვენი პარტია. ამდენი აქტიური მხარდამჭერი, ასე, ერთი ხელის გაწვდენაზე, ჩვენ არასდროს გვყოლია. მათ შორის, არც გიგას მთელი თავისი პოლიტიკური ცხოვრების მანძილზე... ჩვენ გვაქვს რეალური განცდა, რომ შევძლოთ მონაწილეობის მიღება 2024 წლის არჩევნებში და ამისთვის ბუნებრივია, რომ რაღაც ვარიანტებს განვიხილავთ. ცალკე ვერც ერთ ვარიანტში ვერ გავალთ, რადგან რეგისტრაციის ვადა ამოწორულია და ცალკეც რომ გავიდეთ, პატარა პარტნიორი პარტიის მოძებნა მაინც მოგვიწევს“ - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
კითხვაზე, თუ ვინ იქნება ახალი პარტიის თავმჯდომარე, ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ ბოკერიასთან ერთად თანათავმჯდომარე იქნება.
0
0