
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის განცხადებები, თითქოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე „ოცნება" დამაბრკოლებელი ფაქტორია, არაობიექტურია და იმაზეა გათვლილი, რომ ენმ კვლავ ხელისუფლებაში დაბრუნდეს.
„ოპოზიციას ამ განცხადებებში ალბათ ის ინტერესი აქვს, რომ „ოცნებას" ქვეყნის გაუბედურება, დაშლა-დანგრევა დააბრალოს. დააბრალოს იმ პარტიას, რომლის ადგილის დაკავებაც უნდა, ამ განცხადებების საფუძველია, რომ თითქოს „ოცნება" რუსეთისკენ მიდის, არც ისაა სიმართლე, რომ რეფორმებს არ ვასრულებთ, რადგან თვითონ ნატოს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ საქართველომ ალიანსის თითქმის ყველა დავალება საუკეთესოდ შეასრულა.
ამასთან ვხედავთ, რომ გადამწყვეტი პოლიტიკური ნებაა და არა სხვა ფაქტორები, ისევე, როგორც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე მოხდა. დაინტერესებულები იყვნენ, რომ უკრაინას და მოლდოვას „ევროპის კალთა" გადაჰფარებოდათ და ჩვენ მათ ინტერესში არ ვიყავით, ამიტომაც მოხდა ის, რაც მოხდა. ანალოგიური იქნება ნატოს წევრობის საკითხიც, გააჩნია იმ მომენტისთვის ნატოს წევრ ქვეყნებს როგორი ინტერესი ექნებათ.
რასაც ვუყურებ, ოპოზიციის ეს განცხადებები საკმაოდ ქმედითია, რადგან ადამიანები, რომლებიც საერთოდ პოლიტიკასთან კავშირში არ არიან, ამ გზავნილებს ავტომატურად იმეორებენ, რომ ჩვენ რუსეთისკენ მივდივართ, დავალებებს არ ვასრულებთ, ამით დასავლურ ორგანიზაციებში არ მიგვიღებენ. ეს შეძახილები, რასაც ოპოზიცია ამბობს და მედია განუწყვეტლივ იმეორებს, თავისას შვრება - ერთის მხრივ შიდა საზოგადოებაში და მეორეს მხრივ დასავლეთში.
ეს შეძახილები ოპოზიციას კიდევ იმისთვისაც სჭირდება, რომ რამე რომ მოხდეს და მაგალითად ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მოგვცენ, ატყდება ლაპარაკი, რომ ამ ხელისუფლების ბრალია და ხალხი ქუჩაში გამოვა, როგორც ე.წ. აგენტების კანონზე მოხდა. ოპოზიციის მიზანიც ესაა, რომ ეს ხელისუფლება დაამხონ, ხელისუფლება თუ დაემხო, მის ადგილას ის მოვა, ვისაც ოპოზიციაში ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს, ასეთი არის ენმ, რომელსაც ლიდერი ციხეში ჰყავს. ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ, მას დაიხსნიან. ასე რომ, ბევრი ხალხია დაინტერესებული იმის დაძახებაში, რომ ეს მთავრობა არასწორად მოქმედებს და არცერთ ევროპულ სტრუქტურაში ადგილს არ მოგვცემენ, მათ შორის ნატოში," - განაცხადა “რეზონანსთან” ინტერვიუში რამაზ საყვარელიძემ.
ექსპერტი ამბობს, რომ თუ უკრაინას ნატო-ში მაპ-ის გარეშე გაწევრიანების საშუალება მიეცა, ანალოგიური მოკლე გზა ჩვენთვისაც უნდა გახსნილიყო, რადგანაც „საქართველოსაც ჰქონდა ომი".
„ასეთი ასიმეტრია ევროპული პოლიტიკის წინდაუხედავობაა. თუკი ომი ნატოში შესვლის საშვია, გაჩნდება კითხვა, რომ საქართველოსაც ხომ ჰქონდა ომი?! ასეთი დაუბრკოლებელი გზა რატომ არ მივიღეთ?! ასე კი გამოდის, რომ დასვალეთი ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს იმ ქვეყნების მინართ, ვინც გეოგრაფიულად ევროპაში ერთიანდება და ვინც ტერიტორიულად მოწყვეტილია, ესე იგი გადამწყვეტი გეოგრაფიაა და სხვა არაფერი", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
0
0