01/10/2024
12:59
ეკონომიკა
„საქსტატი“ არაკომერციული ორგანიზაციების გამოკვლევის შედეგებს აქვეყნებს.
„საქსტატის“ ინფორმაციით, დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2023 წელს არაკომერციული ორგანიზაციების ბრუნვის მოცულობამ დამხმარე კომერციული საქმიანობიდან 254.2 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით შემცირებულია 2 პროცენტით.
ბრუნვის მოცულობაში ყველაზე დიდი წილი მოდის განათლების (38.3 პროცენტი), ხელოვნების, გართობისა და დასვენების (22.9 პროცენტი), ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების (16.2 პროცენტი), სხვა სახის მომსახურების (7.4 პროცენტი), ინფორმაციისა და კომუნიკაციის (3.8 პროცენტი), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (3.0 პროცენტი), ასევე მშენებლობის (2.6 პროცენტი) სექტორის ორგანიზაციებზე. 2022 წელთან შედარებით ბრუნვის მოცულობა დაახლოებით 5.4-ჯერ გაიზარდა წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის სექტორში. ზრდის ტენდენციები გამოვლინდა ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობების სექტორში (43.6 პროცენტი), ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (42.1 პროცენტი), სხვა სახის მომსახურების (27.2 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო სექტორში (24.3 პროცენტი), ინფორმაციისა და კომუნიკაციის (3.6 პროცენტი), განათლების (2.3 პროცენტი), ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორებში (0.5 პროცენტი).
2023 წლის დეკლარირებული მონაცემებით, პროდუქციის (საქონლისა და მომსახურების) გამოშვების მოცულობამ არაკომერციული ორგანიზაციების სექტორში 2 346.9 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 11.4 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. პროდუქციის გამოშვებაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩეოდა სხვა სახის მომსახურების (27.7 პროცენტი), ხელოვნების, გართობისა და დასვენების (18.3 პროცენტი), ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების (14.2 პროცენტი), განათლების (13.9 პროცენტი), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (11.7 პროცენტი), ასევე წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის (5.0 პროცენტი) სექტორები. 2023 წელს არაკომერციულ ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობამ 60.0 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც 52.9 პროცენტი ქალია, ხოლო 47.1 პროცენტი კაცი. აღნიშნული მაჩვენებელი 2022 წელთან შედარებით 8.8 პროცენტითაა გაზრდილი“,-აღნიშნული ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, დასაქმებულთა ყველაზე დიდი ნაწილი – 27.0 პროცენტი – განათლების სექტორის ორგანიზაციებზე მოდის, 24.3 პროცენტი - ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორის ორგანიზაციებზე, 13.6 პროცენტი - ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების, 13.3 პროცენტი - წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის სექტორზე, ხოლო დარჩენილი 21.8 პროცენტი სხვა სექტორებზე ნაწილდება. 2023 წელს დასაქმებულთაგან დაქირავებული იყო 59.7 ათასი კაცი. ამასთან, აღნიშნული მაჩვენებელი 10.2 პროცენტითაა გაზრდილი 2022 წელთან შედარებით.
„არაკომერციული ორგანიზაციები წარმოადგენენ საქონლისა და მომსახურების მწარმოებელ იურიდიულ პირებს ან სოციალურ ორგანიზაციებს, რომლებიც არ არიან ორიენტირებულნი ინსტიტუციური ერთეულებიდან მოგების ან ფინანსური კეთილდღეობის მიღებაზე. არაკომერციული ორგანიზაციების პროდუქციის ძირითადი ნაწილი რეალიზდება უფასოდ ან ეკონომიკურად უმნიშვნელო ფასებში. აღნიშნული არაკომერციული ორგანიზაციები იმყოფებიან თვითდაფინანსებაზე და სახსრებს ძირითადად იღებენ შემოწირულობებისა და საკუთარი წევრების შენატანების სახით. ისინი შემოსავლებს იღებენ აგრეთვე ორგანიზაციის კუთვნილი მატერიალური და ფინანსური აქტივებიდან. არაკომერციულ ორგანიზაციებს აქვთ დამხმარე კომერციული საქმიანობის უფლება“, - აღნიშნავენ „საქსტატში“.
0
0