10/11/2021
17:05
მსოფლიო
„საქართველოში მიხეილ სააკაშვილის სახელის ვინმესთან ხსენება საკმარისია, რომ ვნებები გაღვივდეს“, - წერს თბილისში მყოფი ავტორი და ესაუბრება ოპოზიციური მიტინგის მონაწილეებს: „მისი პრეზიდენტობის დროს ყველაფერი კარგად მიდიოდა“, - ამბობენ ნუგზარ დუმბაძე და თემურ თურმანიძე, რომლებმაც 400 კილომეტრი გამოიარეს „მიშას“ გათავისუფლებისათვის გამართულ მიტინგში მონაწილეობის მისაღებად.
პროდასავლური და ანტირუსული პრეზიდენტი საქართველოს 2004-2013 წლებში მართავდა, შემდეგ კი იგი ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ „პერსონა ნონ-გრატად“ გამოაცხადა. მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თავისი იმპულსური ხასიათით არის ცნობილი, საქართველოში ადგილობრივი არჩევნების წინ დაბრუნდა, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, მაგრამ გაიმარჯვა ელექტორატის დაშინებით.
დაპატიმრებულმა ექს-პრეზიდენტმა შიმშილობა გამოაცხადა. მას ამ დღეებში მკურნალობა დაუნიშნეს. ნუგზარ დუმბაძე, რომელიც საქართველოს თებზჭერის დარგის ყოფილი სპეციალისტია, ქვეყნის ხელისუფლებას ექს-პრეზიდენტის მიმართ გამოჩენილი ცინიზმის გამო აკრიტიკებს. იგი თავის მეგობარ თემურ თურმანიძესთან ერთად ყველა უბედურებაში „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს (ლარის კურსის დაცემაში, შემოსავლების შემცირებაში, კორონავირუსის წინააღმდეგ არათანმიმდევრულ ბრძოლაში და ა.შ.).
მიტინგის კიდევ ერთი მონაწილე, 52 წლის მექანიკოსი ზურაბ გოგსაძე «Ouest-france»-ის კორესპონდენტთან საუბრისას ამბობს, რომ საქართველოში ცხოვრების დროს თავს ისე გრძნობს, თითქოს საპყრობილეში იმყოფება. მას მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოშვება იმიტომ სურს, რომ „მისი მმართველობის დროს უფრო მეტი თავისუფლება იყო“.
ქუთაისელი ადვოკატის, 46 წლის „ნაციონალი“ ხათუნა არველაძის აზრით, „მართალია, მიხეილ სააკაშვილი ავტორიტარულ გადაწყვეტილებებს იღებდა, მაგრამ ისიც ცხადია, რომ რეფორმების განხორციელება უშეცდომოდ შეუძლებელია“.
„ქართულ ოცნებასა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შორის არსებული დაუსრულებელი მტრობა ბევრი ქართველისათვის უკვე დამღლელია. მოსახლეობას რეალური, ჭეშმარიტი ცვლილებები სურს და შესაბამისად, კრიტიკას „ქართული ოცნებიდან“ იწყებენ: „დიახ, მე სამსახური უკვე მაქვს, - ამბობს 17 წლის მარი ძიძიგური, რომელიც ტურისტულ სააგენტოში მუშაობს, მაგრამ არ მომწონს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს“.
0
0