
„ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ ახდენს რუსეთის საქართველოს მანიპულირებას. იმედია, რომ საზოგადოება არ შეაფასებს ამას ისე, როგორც რუსეთის ხელისუფლებას უნდა. ეს გადაწყვეტილება არის სამარცხვინო, რადგან მაშინ, როცა საქართველოს ძალიან უჭირდა ომის შემდეგ, როცა მართლა უამრავი პრობლემა იყო, რუსეთმა ჩვენ დაგვსაჯა და როცა საქართველომ მისცა უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებს, რუსეთმა ძალიან უტიფრად განაცხადა: ვიდრე არ აღდგება დიპლომატიური ურთიერთობები, მანამდე არ მოვხსნით ამ სავიზო რეჟიმს“, - ასე გამოეხმაურა კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენის უფლების მიცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას Pia.ge-სთან საუბრისას.
მისივე თქმით, ფრენების აღდგენა, პირველ რიგში, რუსეთის მოქალაქეებს სჭირდებოდათ, საქართველოს მოქალაქეებმა კი მომხდარი ფაქტი უნდა გააპროტესტონ.
„ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ რაღაც მოხდა უფრო უარესი, ვიდრე დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. დიპლომატიური ურთიერთობები არ აღმდგარა და მათ მაინც მოგვცეს უვიზო რეჟიმი. მონებს რომ დაასაჩუქრებენ შუშის მძივებით და ბედნიერი რომ იქნება მონა, აი, ეს შუშის მძივებია დღეს უვიზო რეჟიმი. როცა ევროპაში მივდივართ და გვინდა, ევროპასთან გვქონდეს მეტი კონტაქტი, ამ დროს რუსეთი გვაძლევს ჩვენ უვიზო რეჟიმს, რაც არის უსამარცხვინოესი და მე მგონია, რომ ქართულმა საზოგადოებამ ამის გამო პროტესტი უნდა გამოხატოს. კონკრეტული ადამიანები, ვინც ამ უვიზო რეჟიმს გამოიყენებენ, მე არ მინდა, რომ გავამტყუნო, მაგრამ მგონია, რომ მასობრივად ქართულ საზოგადოებაში ამას ექნება უარყოფითი რეაქცია, როგორც ავიამიმოსვლების აღდგენას, ისე უვიზო რეჟიმის შექმნას.
ომის დროს, როცა მთელი მსოფლიო ებრძვის დღევანდელ ჰიტლერს [პუტინს] და იმ ფაშიზმს, რაც იყო მეორე მსოფლიო ომის დროს, ანუ რუსეთის ფაშიზმს, ამ დროს ჩვენ რუსეთი გვასაჩუქრებს ასეთი მძივებით. ალბათ ხელისუფლება ფრენის აღდგენას დათანხმდება, იტყვიან, რომ ეს სჭირდება საქართველოს მოსახლეობას და ეს არის სწორი ნაბიჯი, სინამდვილეში კი ეს იქნება რუსეთის მოქალაქეებისთვის ამოსუნთქვა იმიტომ, რომ უფრო მეტი რუსი ჩამოვა, ამდენ ხანს უჭირდათ ჩამოსვლა, ახლა უფრო მეტად იმოძრავებენ და აღარ გაუჭირდებათ. ამიტომ, პირველ რიგში, ფრენების აღდგენა სჭირდებათ რუსეთის მოქალაქეებს“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქეების მიმართ დაწესებული სავიზო რეჟიმი და რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენების აკრძალვა გააუქმა.
0
0