
„კურიერის“ ინფორმაციით, ჯგუფურ ძალადობაში მსჯავრდებული ირაკლი ჭელიძის ძმას შეწყალების თემაზე პირადი კომუნიკაცია ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელთან. ჭელიძის თქმით, პატიმრის ციხიდან დასახსნელად საქმის შესწავლას ოჯახს სალომე ზურაბიშვილის მრჩეველი ანგი ხუციშვილი დაჰპირდა. ის აცხადებს, რომ შეხვედრა ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციების დროს ძალადობრივი ქმედებებისთვის გასამართლებული პატიმრის ახლობლებსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანს შორის ათონელის რეზიდენციაში შედგა.
ანგი ხუციშვილი, რომელიც პატიმრის ოჯახის წევრს პირადად შეხვდა, 2020 წლიდან შეწყალების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველია. მანამდე მას ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის პოსტი ეკავა და მაშინაც შეწყალების საკითხებს კურირებდა. საკადრო გადაადგილება დროში ემთხვევა 2019 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ირგვლივ განვითარებულ სკანდალს. მაშინ მკვლელობებში მსჯავრდებული სამი პირის, მათ შორის ერთი ძებნილის შეწყალება პროკურატურის შესწავლის საგანი გახდა. შესაძლო კორუფციული დანაშაულის საქმეზე დაიკითხა თავად ანგი ხუციშვილიც და პრეზიდენტის მაშინდელი საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია. გამოძიება ამჟამადაც გრძელდება.
პრეზიდენტის მრჩეველს საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
„რუსთავი 2“-ის ცნობით, სავარაუდოდ სწორედ ხუციშვილის პირადი რეკომენდაციით, ორი კვირის წინ სალომე ზურაბიშვილმა უკვე შეიწყალა ირაკლი ჭელიძის ბიძაშვილები - თორნიკე და თამაზ ჭელიძეები. ყველა მათგანი ერთი და იმავე ბრალდებით, ერთ საქმეზე 2021 წლის 14 აპრილს დააკავეს. სალომე ზურაბიშვილის მრჩეველთან შეხვედრას ადასტურებენ უკვე შეწყალებული ძმები.
ჭელიძე ერთ-ერთია იმ 7 დაკავებულს შორის, რომლებიც ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციების დროს, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით გაასამართლეს. აქედან ორი პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე უკვე თავისუფალია.
0
0
საქართველოს რკინიგზის განცხადება
29/12/2025